მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის ახალ ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კონსორციუმი აღნიშნავს, რომ მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით ახალი ტენდერის წარმატებას ეჭვქვეშ თავად აყენებს.

„2021 წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის წარმატებას თავადვე აყენებს ეჭვქვეშ. ეს იმიტომ, რომ არცერთი სანდო ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში ისეთ გარემოებების არსებობისას, როცა მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა მთავრობა ADC-ს და უცხოელ ინვესტორს - ბატონ ბობ მეიერს.

განსახილველად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის1 517-518 გვერდებზე შემდეგი ჩანაწერია
მოცემული ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის თაობაზე:

„შესაძლო რისკები“ - არსებულ მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი. ასევე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.” ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტისთვის.

არბიტრაჟის დაწყება მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია, შესაბამისად ის არის პასუხისმგებელი საქართველოს სამომავლო ზრდისა და განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებაზე“,- აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის პროექტის განხორციელების ხელშეკრულება ოფიციალურად მიმდინარე წლის 9 იანვარს შეწყდა. მთავრობის განმარტებით, კონსორციუმმა მასზე დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

29 ივლისს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა.