მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ გვჭირდება არა ძალიან მყარი-მსუბუქი, არამედ სტაბილური ლარი“ - გია ხუხაშვილი ლარის გამყარებაზე

პოლიტოლოგი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ლარის სწრაფ გამყარებას აფასებს და აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნა ძალიან ცუდია, მაგრამ მისივე თქმით, არც მისი ძალიან სწრაფად გამყარებაა კარგი.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და იმპორტ-ექსპორტის სალდო გვქონდა მკვეთრად უარყოფითი, შემცირებული იყო ეკონომიკური აქტივობა. ამის ხელშემწყობი იყო დევალვაციის პროცესები.

ახლა გარკვეული ბალანსი გაჩნდა, მათ შორის, ალბათ იმ საკრედიტო რესურსებით, რომლებიც მოზიდულ იქნა მყარ ვალუტაში და პლუს ეკონომიკური აქტივობა გარკვეულწილად გაიზარდა. ასევე, სტაბილიზაცია აისახა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვალუტებზეც და იქ მიმდინარე პროცესები ჩვენთან პირდაპირ აისახება. მოხდა სტაბილიზაცია და ამან ხელი შეუწყო ლარის გამყარებას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეკითხვაზე, როდის შეჩერდება ეს პროცესი და სად არის წონასწორობის წერტილი? ექსპერტი პასუხობს:

„წონასწორობის წერტილი მაინც არის თუ ეკონომიკური პროცესი ნორმალურად წავიდა სადღაც 2.20 -2.30 დერეფანში და თუ კიდევ არ გაჩნდა სხვადასხვა ტიპის რისკები, ამ კორიდორში შევა ლარი.

საერთოდ, ლარის კურსის ვარდნა ძალიან ცუდია, მაგრამ არც მისი ძალიან სწრაფად გამყარებაა კარგი, ეს ეკონომიკას ხდის არაპროგნოზირებადს და მეტყველებს არასტაბილურობაზე. ერთის მხრივ, კარგია მაგრამ ეკონომიკური პროცესის პროგნოზირებისთვის ესეც დამაზიანებელია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ხუხაშვილის აზრით, ჩვენ გვჭირდება არა ძალიან მყარი-მსუბუქი ლარი, არამედ გვჭირდება სტაბილური ლარი იმისათვის, რომ ბიზნესი იგეგმებოდეს და ეკონომიკური აქტივობა იყოს გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებადი.

ცნობისთვის, ლარმა გამყარება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 30 თეთრით გამყარდა. ექსპერტები ამას შეზღუდვების შემსუბუქებით და ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის აღდგენით ხსნიან.