ბექა ლილუაშვილი პარლამენტარი პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ გადასახადების შემცირებას სჭირდება კონკრეტული გეგმა და თუ ამის განხორციელება მოხდება, მაშინ ამას უნდა მოყვეს შესაბამისი ღონისძიებებიც.
„ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო შემოთავაზებები, რომ შეგვემცირებინა გადასახადები, რომ დავხმარებოდით ეკონომიკას პანდემიის პირობებში. ასეთი რაღაც უბრალოდ არ ხდება. როდესაც გამოწვევა იყო საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება და მის წინაშე მდგომი ვალდებულებები, შეუძლებელი იყო მაშინ ასე აქტიურად გვეფიქრა, გადასახადების ჰორიზონტალური შემცირების ღონისძიებებზე.
თუმცა სადაც საჭირო იყო განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, ჩვენ ვასუბსიდირებდით ან ვამცირებდით გადასახადებს.
შეუძლებელია არსებითი ნაბიჯების გადადგმა საგადასახადო სისტემაში გამომდინარე იქიდან, რაც იყო. სამწუხაროდ ჩვენ დავიჯერეთ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია და უკვე დროა გადავიდეთ მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის ეტაპზე, რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში 18% არის უმუშევრობა, სოციალურად მდგრადი ვერ იქნება გადაწყვეტილებები. ასეთი ნაბიჯები ალბათ უფრო ადრე იყო გადასადგმელი. შეუძლებელია ამ ეკონომიკური მაჩვენებლით ამ დონის დანაკლისის დაბალანსება.
ამიტომ როცა ვლაპარაკობთ გადასახადების შემცირებაზე, იქვე უნდა მივაყოლოთ ღონისძიებები, რომელიც დააკომპენსირებს ან შეამსუბუქებს ამ დანაკლისს რომ შემდეგ უკვე გქონდეს ეკონომიკური ზრდის იმედი, ან მეორე მხარეა ის, რომ შევამციროთ გადასახადები და ჩვენი მიზანი იყოს არა ერთი გადასახადის, არამედ გადასახადების ერთობლიობის შემცირება“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.