მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკი სარეიტინგო კომპანია S&P-ის შეფასებას ეხმაურება

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ის შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტიანია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, S&P-ის შეფასებით, გამოწვევებით სავსე საგარეო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველომ, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები შეინარჩუნა, ცვალებად საგარეო ვითარებას სწრაფად გაუმკლავდა და რეალური გაცვლითი კურსის მკვეთრი და დამაზიანებელი რყევები აირიდა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინა პერიოდებში, შესუსტებული საგარეო ეკონომიკური გარემოს საპასუხოდ, გაცვლითი კურსი სწრაფად დაკორექტირდა, რითაც თავიდან იქნა აცილებული მკვეთრი ერთჯერადი ცვლილებები. ამან ხელი შეუწყო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და საშუალება მისცა საქართველოს, თავიდან აეცილებინა დაკრედიტების მკვეთრი შენელება, რასაც ბოლო წლებში რეგიონის სხვა ქვეყნებში ჰქონდა ადგილი.

S&P-ის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი მცურავი გაცვლითი კურსი, ცალკეული ინტერვენციებით, ეკონომიკური სტაბილურობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვების მოცულობა 2016 წლიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 250 მილიონი აშშ დოლარით იზრდებოდა, რაც საგადასახდელო ბალანსის რისკების საწინააღმდეგო ბუფერს ქმნის. ჩვენი შეხედულებით, რეგიონულ კონტექსტში, საქართველოს მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტიანია. 2020 წლის პირველ ნახევარში, დროებითი ზრდისა და მერყეობების მიუხედავად, ინფლაცია თანმიმდევრულად დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა და 2010-2019 წლებში საშუალოდ 4%-ზე ნაკლები იყო“, - ნათქვამია სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში.

ეროვნული ბანკის ცნობით, დოლარიზაციის მაღალი დონე გამოწვევად რჩება. ბოლო წლებში შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობისთვის კვლავ დაბრკოლებას წარმოადგენს.

ინფორმაციისთვის, საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B სტაბილური პერსპექტივით დონეზე შეუნარჩუნა.