მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა ხუციშვილი: ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია

ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია

ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, მომდევნო პერიოდი ეროვნული ვალუტისთვის იქნება უფრო სტაბილური, დიდი მერყეობების გარეშე.

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ლარის კურსზე. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პირველ კვარტალში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პროგნოზებისგან განსხვავებით, გვაქვს ახალი რეალობა.

თუ საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3,5% უნდა ყოფილიყო, ამისდა მიუხედავად, დაგეგმილი გვქონდა 4,3%-იანი ზრდა. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავიწყეთ საუბარი, იმაზე, რომ ეს პროგნოზები გადაიხედებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავდით ცვლილებებს დადებითი მიმართულებით.

გამომდინარე აქედან, გადავხედეთ პროგნოზებს და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გავზარდეთ 6,5%-მდე. ასევე, ვთქვით, რომ პოზიტიური სცენარის შემთხვევაში, გვექნება ეკონომიკური ზრდის ორნიშნა, 10%-ზე მეტი მაჩვენებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს სრულად მოხდება გასულ წელს დაფიქსირებული ეკონომიკური კლების კომპენსირება.

ცნობისთვის, ლარმა გამყარება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. ექსპერტები ამას შეზღუდვების შემსუბუქებით და ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის აღდგენით ხსნიან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩვენ გვჭირდება არა ძალიან მყარი-მსუბუქი, არამედ სტაბილური ლარი“

👉 „ლარის გამყარების შესაძლებლობა კიდევ არის“