მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რომ აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის ძირითად საკითხს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა წარმოადგენდა. მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტილების პერსპექტივაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი“ მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განაახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით.

შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარიც“, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

„ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ „ეარ ბალტიკს“ ფრენების განხორციელებაზე თანხმობას მივცემთ. რაც შეეხება „ვიზეირს“, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დიდი ალბათობით, მათაც მივანიჭებთ ფრენის უფლებას,“ -აღნიშნა ნათია თურნავამ.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ასევე საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე.