მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: მაისში ექსპორტის გაზრდილი მონაცემები გვაძლევს იმის იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება ისეთივე მაღალ ნიშნულზე, როგორც აქამდე დაფიქსირდა

მაისში ექსპორტის გაზრდილი მონაცემები გვაძლევს იმის იმედს,  რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება ისეთივე მაღალ ნიშნულზე, როგორც  აქამდე დაფიქსირდა

ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით მორიგი დადებითი ინფორმაცია გვაქვს - კერძოდ, მაისის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა (44.9%) დაფიქსირდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მაისის თვეში საგარეო ვაჭრობის მონაცემების შესახებ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში - იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 24.4%-ით.

მისი თქმით, ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის, ჩვენი ეკონომიკის ზრდის კომპონენტში და მისი ასეთი მაღალი პროცენტით გაზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდაც ასეთივე მაღალი იქნება.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ვინაიდან 2020 წელი ძალიან მძიმე წელი იყო, ამიტომ ახლა ეკონომიკაში არსებული დინამიკის და მიმდინარე პროგრესის შესაფასებლად შედარება 2019 წელთან ხდება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი, პრაქტიკულად, თითქმის იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი იყო.

„აქედან გამომდინარე, დღეს, 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი წარმოების, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი უკვე გვაქვს 2019 წლის მაისის დონეზე, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს.

ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თითოეული ასეთი მონაცემი გვაძლევს იმის იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა ისეთივე მაღალი, როგორც ეს აქამდე დაფიქსირდა, გაგრძელდება და რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ არა, 6.5 – 6.7%-იანი ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც მართლაც ძალიან დიდი ნახტომია - ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მინისტრის ინფორმაციით, პრაქტიკულად, სტატისტიკურად ყველა დარგში ფიქსირდება ზრდა, გარდა მომპოვებელი ინდუსტრიისა, სადაც დაახლოებით იგივე დონეა შენარჩუნებული.

დარგები, სადაც ზრდა არის, ესენია - გადამამუშავებელი სექტორი, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო, სასტუმროები, ტურიზმი და ა.შ.

ნათია თურნავას განცხადებით, ყველაზე დიდი ზრდა 110%-ზე მეტი მშენებლობა-დეველოპმენტის სექტორში ფიქსირდება.