მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: მარტში ეკონომიკის 4%-იანი ზრდა ჩვენს დაბალანსებულ, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და მარტში ექსპორტის 31-პროცენტიანი ზრდა ამას ადასტურებს

„4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული - ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღება დაფიქსირდა - პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი პირველად არის დადებითი და 4.0 პროცენტს შეადგენს.

ნათია თურნავას თქმით, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

„მომავალში ველოდებით, რომ ზრდის ტემპი უფრო მეტად ამაღლდება. ჩვენ ვახერხებთ, რომ დარგები აღდგეს, ტურიზმიც ნელ-ნელა ვითარდება, კვლავ აღდგენისკენ მიდის და ეს გვაძლევს იმედს, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი პირველად დადებითი დაფიქსირდა და 4.0 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის მარტში ეკონომიკის კლება 2.7 პროცენტი იყო. შესაბამისად 2021 წლის მარტში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე აჭარბებს არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის მონაცემსაც.

ეკონომიკის მსგავსი გაჯანსაღება თავსებადია საქართველოს მთავრობის მოლოდინებთან და დიდწილად განპირობებულია მთავრობის თანმიმდევრული და დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკით.