მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ვაქცინაციის გარეშე, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი რთულია

 ტურისტულ სეზონთან მიმართებით დადებითი მოლოდინი გვაქვს

„ყველას მოვუწოდებ, არ უგულებელყოს შესაძლებლობა, რომ თვითონაც დაიცვას თავი, დაიცვას ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც „დელტა შტამი“ განსაკუთრებით ერჩის და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი რთულია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას განმარტებით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციებია ეკონომიკის აღდგენის კუთხით და შესაძლოა, 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდეს, თუმცა, არსებობს ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს - პანდემია. ამიტომ ეკონომიკის მინისტრი ყველას მოუწოდებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ.

მისი თქმით, დღეში მინიმუმ 20, 30 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა საჭირო, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი არ შეფერხდეს.

„თუკი საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, მთავრობას მარტო ძალიან გაგვიჭირდება ვაქცინაციის მაღალი ტემპების უზრუნველყოფა.

ჩვენ უზრუნველვყავით ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, იხსნება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ვაქცინაცია შეუფერხებლად ჩატარდეს.

ასევე, ვმუშაობთ მსხვილ დამსაქმებლებთან, ბანკებთან, ინდუსტრიულ კომპანიებთან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი აქტია, პირველ რიგში თვითშეგნებას საჭიროებს და ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.