მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები, შესაძლებლობები და საფრთხეები

საქართველო-აზერბაიჯანი

აზერბაიჯანული Haqqin.az საბრძოლო საშუალებების ტრანზიტისთვის ქართული მხარის დადანაშაულებას განაგრძობს. ოფიციალურ ბაქოს ჯერ რაიმე განაცხადი არ გაუკეთებია. რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში საქართველო აზერბაიჯანზე, ხოლო აზერბაიჯანი საქართველოზეა დამოკიდებული, რის გამოც ურთიერთობების დაძაბვა ორივე სახელმწიფოს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დამყარდა. 90-იანი წლების ბოლოდან დღემდე თანამშრომლობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ენერგეტიკა წარმოადგენდა. სომხეთთან საომარი ვითარების გამო ტრანზიტული მილსადენები უფრო გრძელ მარშრუტზე, საქართველოზე გადის.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

1998 წელს ანკარაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას მოეწერა ხელი. მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდა, სრულ ექსპლუატაციაში კი 2006 წელს შევიდა. მშენებლობა $4 მლრდ დაჯდა. 1768 კმ სიგრძის მილსადენიდან საქართველოზე 249 კმ გადის. მისი დღიური გამტარუნარიანობა 1 მლნ ბარელს შეადგენს. 14 წლის განმავლობაში ნავთობსადენმა 455 მლნ ტონა, 3.41 მლრდ ბარელი ნავთობი გაატარა.

bako-jeihani_o_h.jpeg

ბაქო-ჯეიჰანამდე იყო შედარებით მცირე მასშტაბის ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რომელიც ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა $550 მლნ დაჯდა. რეალურად ის მოდერნიზებული საბჭოთა მილსადენია ახალი სექციებით. მისი დღიური გამტარუნარიანობა 145 ათას ბარელს შეადგენს.

2007 წლამდე საქართველო 100%-ით იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული. 2006 წლის იანვარში რუსულმა მხარემ გაზსადენზე დივერსია მოაწყო. ფორსმაჟორულ სიტუაციაში თბილისმა ბუნებრივი აირი ირანისგან მიიღო. 2007 წლიდან კი ნელ-ნელა აზერბაიჯანულ გაზზე გადაერთო.

2007 წელს მოხმარებული 1.726 მლრდ კუბური მეტრი გაზიდან აზერბაიჯანის წილი 33%-ს - 575 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა. 2009 წელს მისი წილი 87%-მდე გაიზარდა. 2019 წელს კი 99.7% შეადგინა, 2020 წლის საპროგნოზო ბალანსი 91.3%-ს უდრის.

წლიდან-წლამდე იზრდება შაჰ-დენიზის საბადოდან ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული იაფი გაზის წილიც. 2015 წელს საქართველომ შაჰ-დენიზიდან 712 მლნ კუბური მეტრი გაზი მიიღო, 2019 წელს 828 მლნ კუბური მეტრი, 2020 წლის ბალანსში 873 მლნ კუბური მეტრია გათვალისწინებული.

shah-denizi_o_h.jpeg

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. მისი საერთო სიგრძე 970 კილომეტრია და საქართველოზე 280 კმ გადის. შაჰ-დენიზი 2-ის დასრულების შემდეგ ტრანზიტული გაზის მოცულობა 9-დან 16 მლრდ მ3-მდე გაიზარდა. მესამე ფაზის დასრულების შემდეგ, რაც 2030 წლისთვისაა ნავარაუდევი, საქართველოზე 28 მლრდ მ3 გაზი გაივლის, საიდანაც ქვეყანაში 1.4 მლრდ მ3 დარჩება.

თბილისი-ბაქო - მატარებელი

თბილისი-ბაქოს რკინიგზით ჯერ კიდევ 1883 წელს დაუკავშირდა. 2017 წლის ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც გაიხსნა, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დააფინანსა. რკინიგზის ამჟამინდელი დატვირთვა მინიმალურია და წლიურად 100 ათას ტონაზე ნაკლებია, თუმცა მისი პოტენციალი 6.5 მლნ ტონაა, რომლის გაზრდაც ეტაპობრივად 17 მლნ ტონამდეა დაგეგმილი. პროექტი ასევე ითვალისწინებს 1 მლნ მგზავრის მომსახურებას. რკინიგზაზე სამგზავრო მატარებელი ჯერ არ გასულა.

karsi-akhalkalakis-rkinigza_o_h.jpeg

ორ სახელმწიფოს შორის საკმაოდ მოცულობითია სავაჭრო ბრუნვაც. 1995-2019 წლებში აზერბაიჯანში ექსპორტზე $5.1 მლრდ-ს პროდუქცია გავიდა და ამ მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავა. იმავე პერიოდში $8.7 მლრდ-ს იმპორტიც განხორციელდა. ჯამში სავაჭრო ბრუნვამ $13.8 მლრდ შეადგინა. ექსპორტი ყველაზე დიდი - $710 მლნ 2013 წელს დაფიქსირდა, რაც იმ წლის საერთო ექსპორტის 24.4%-ს უდრიდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანმა 2014 წლის აპრილიდან 2006 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა, 2015 წლიდან კი ახალ ავტომობილებზე გაზარდა აქციზის საფასური, რასაც თან ოროვე ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები დაერთო. 2016 წელს 2013 წელთან შედარებით ექსპორტი 4.6-ჯერ $153 მლნ-მდე შემცირდა, 2017 წლიდან კი ისევ ზრდა დაიწყო.

savachro-brunva-azerbaijantan_o_h.jpeg

აზერბაიჯანი პირველია ინვესტირების მოცულობითაც. 1996-2019 წლებში აზერბაიჯანმა საქართველოში, ძირითადად ენერგოპროექტებში $2.8 მლრდ-ს ინვესტიცია განახორციელა.

ფულადი გზავნილებში აზერბაიჯანის წილი მინიმალურია და 2%-ზე ნაკლებს შეადგენს, სამაგიეროდ 2019 წელს საქართველოს ყველაზე მეტი 1.52 მლნ აზერბაიჯანელი ვიზიტორი ეწვია.

გეოგრაფიისა და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიის ეს ორი ქვეყანა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთზეა დამოკიდებული. საქართველოს აზერბაიჯანის სახით მისაღებ ფასად სტაბილური გაზის მიმწოდებელი ჰყავს. სხვა შემთხვევაში რუსეთის გარდა სანქციების გამო ირანული გაზის მიღებაც გაჭირდებოდა და ქვეყანას 2 არჩევანი დარჩებოდა ან პოლიტიკური ფასის გადახდა რუსულ გაზში, ან მაღალი ფასის გადახდა გათხევადებულ გაზში. მეორეს მხრივ აზერბაიჯანს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, სომხეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება და იძულებულია ნავთობიც, გაზიც და სხვა სახის ტვირთებიც საქართველოზე გაატაროს.