მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პორტებში, 𝐄𝐁𝐑𝐃-ის მხარდაჭერით, ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა დაიწყო

პორტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (𝐄𝐁𝐑𝐃) და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (𝐏𝐂𝐒) დანერგვისათვის ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 𝐏𝐂𝐒 -ი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ნავსადგურებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, აგრეთვე ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიას.

„კვლევა შეისწავლის ასოცირებულ რეგიონულ სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობებსაც, მაგალითად, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან.

ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას ესტონურ - გერმანული კონსორციუმი განახორციელებს, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტორი კომპანია 10 თვის ვადაში ჩაატარებს როგორც უშუალოდ კვლევას, ასევე მოამზადებს და საქართველოს მხარეს გადმოსცემს სტრატეგიასა და სახელმძღვანელო პრინციპებს საქართველოში 𝐏𝐂𝐒-ის შემუშავების, განხორციელების და მართვის შესახებ.

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია პორტებში სახელმწიფო სერვისების გაციფროვნება და ერთ ონლაინ-პლატფორმაზე - „ერთი ფანჯრის პრინციპით“ (𝐌𝐒𝐖) გაერთიანება. საქართველოში აშშ-ს საელჩოს და EXBS პროგრამის დაფინანასებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე განახორციელა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა. აღნიშნული პროექტი დანერგვის ეტაპზე 2021 წლის სექტემბერში გადავა.

საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფროვნებისა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში სრულად ინტეგრირებისათვის ქართული ნავსადგურების 𝐌𝐒𝐖 სისტემა უნდა დაუკავშირდეს ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას (𝐏𝐂𝐒). სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის საქართველომ, საინვესტიციო საბჭოს დახმარებით მიიღო 𝐄𝐁𝐑𝐃-ს ფინანსური მხარდაჭერა.

აღნიშნული გააუმჯობესებს საქართველოს პორტების ეფექტიანობას, მკეთრად შეამცირებს შეფერხებებს პორტებში, გაამარტივებს დოკუმენტაციასთან მუშაობის პროცესს და არსებითად გაზრდის ტვირთბრუნვას. პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს, შეამციროს საზღვაო ტრანპორტის ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. ყოველივე გაზრდის საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი“- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცედლებულ ინფორმაციაში.