მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ელექტროენერგიის ფასი 12%-ით, ხოლო ბუნებრივი გაზის ფასი 15%-ით გაიზარდა

ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი

თურქეთში ელექტროენერგიის ტარიფი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის 15%-ით გაიზარდა. ბუნებრივი გაზის ტარიფმა მოსახლეობისთვის 12%-ით, ინდუსტრიული მომხმარებლისთვის და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის კი 20%-ით მოიმატა. ინფორმაციას თურქული წყარო bianet ავრცელებს.

დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის ელექტროენერგიის ტარიფი 10.55 აშშ ცენტია. სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამ-ნახევარ წელიწადში ელექტროენერგიის ტარიფი 122%-ით გაიზარდა.

Energy Market Regulatory Authority-ის (EPDK) განმარტებით, ფასების მატება ელექტროენერგიის გენერაციის თვითღირებულების ზრდამ გამოიწვია, რაც ერთი მხრივ, თურქეთში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის ტარიფის გაძვირების შედეგია, რადგან თურქეთის თერმული ენერგიის წარმოება სწორედ იმპორტირებული ბუნებრივი გაზით ხდება.

Petroleum Pipeline Corporation-ის (BOTAŞ) ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2021 წლის იანვრიდან ბუნებრივი გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ თურქეთის მოსახლეობას 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზში 17.2 აშშ ცენტის გადახდა უწევს.

International Energy Agency (IEA) თურქეთის 2021 წლის ენერგეტიკული პოლიტიკის შეფასებისას აღნიშნავს, რომ თურქეთის ეკონომიკაზე ბუნებრივი გაზის იმპორტს კვლავინდებურად დიდი ზეგავლენა აქვს. ამჟამად, თურქეთში იმპორტირებული გაზის წილი, მთლიანი მოხმარების 99%-ს შეადგენს და პრაქტიკულად, ქვეყანაში მოხმარებული ბუნებრივი გაზი მთლიანად იმპორტირებულია.

გაზის იმპორტზე ამდენად მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თურქეთმა ენერგომომარაგების უსაფრთხოება საკუთარი ენერგეტიკული სტრატეგიის საფუძვლად აქცია. ენერგოდამოკიდებულების საფრთხეების, როგორიცაა: ტარიფის უეცარი ზრდა, საჭირო რაოდენობის ენერგორესურსის მეზობელ ქვეყნებში არქონა და ა.შ., დასაბალანსებლად თურქეთი აქტიურად ცდილობს ააშენოს ახალი, განახლებად თუ არაგანახლებად ენერგიებზე მომუშავე სადგურები. ამჟამად, მშენებლობის პროცესშია ახალი ატომური სადგური, რომელზეც წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი საკმაოდ მაღალი იქნება. მისი აშენების შემდეგ, თურქეთში ელექტროენერგიის ტარიფი კიდევ გაიზრდება, თუმცა იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მოიკლებს, რითაც ქვეყანა საკუთარი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებს.

თურქეთის მაგალითი არც საქართველოსთვის არის უცხო, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც ბუნებრივი გაზის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია. საქართველოს არ აქვს საკმარისი წიაღისეული რესურსი იმისთვის, რომ თბოელექტროსადგურებზე ელექტროენერგია დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი რესურსით აწარმოოს. იმ მიზნით, რომ იმპორტირებული ბუნებრივი გაზზე ფასების ზრდამ თბოელექტროსადგურებზე წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ გამოიწვიოს, აუცილებელია ქვეყანამ თავისი განახლებადი ენერგორესურსები მაქსიმალურად აითვისოს.

თურქეთის მაგალითი არა მხოლოდ გაზის იმპორტის მხრივ მდგომარეობის მსგავსებითაა მნიშვნელოვანი, არამედ იმითაც, რომ ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის არსებული დეფიციტის დაახლოებით 20%-ს სწორედ თურქეთისგან შესყიდული ელექტროენერგიით ავსებს. ესკოს მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ თურქეთიდან შესყიდულ 313,100,000 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 13 564 140 აშშ დოლარი გადაიხადა. შესყიდვის საშუალო ტარიფი კი 4 ცენტს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი კი პანდემიის გამო შემცირებული ენერგომოხმარების ფონზე დაფიქსირდა.

ბუნებრივია, თურქეთში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა საქართველოში იმპორტირებული ენერგიის ტარიფსაც საგრძნობლად გაზრდის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად სარისკოა იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება მასზე მზარდი ფასების გათვალისწინებით, ვინაიდან მათზე არანაირი ბერკეტი ან გავლენა არ გვაქვს, ტარიფმა კი მოკლე დროში, შესაძლებელია, საგრძნობლად მოიმატოს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც რეგიონში საკუთარი ენერგოსექტორის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. გასათვალისწინებელია აზერბაიჯანიც, რომელმაც ბოლო 15 წლის მანძილზე ახალი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შეყვანით, საკუთარი გენერაცია 3 000 მეგავატით გაზარდა და იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორად იქცა. წელს, პირველ კვარტალში, აზერბაიჯანმა 509 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. ეს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.9 მლნ კვტ/სთ-ით მეტია. აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობიდან - 91.3%, ანუ 464.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია საქართველოზე მოდის, დანარჩენი 8.7% - ირანზე, თურქეთსა და რუსეთზე.

გარდა ამისა, გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას აქტიურად ახორციელებს სომხეთიც, რომელიც რუსეთის ხელშეწყობით, ახალი ატომური სადგურის მშენებლობას გეგმავს.

საქართველოს ენერგომომავლის დაგეგმვისას აუცილებელია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული სტრატეგიებიც და მდგომარეობაც გავითვალისწინოთ, რათა მათი ენერგოგანვითარების ფონზე, მეზობელ ქვეყნებზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მეტად არ გაიზარდოს.

იმ პირობებში, როცა თურქეთში ელექტროენერგიის ტარიფი მატულობს, იმავდროულად, აზერბაიჯანი და სომხეთი, ისევე როგორც რუსეთი, თავიანთ გენერაციას ზრდიან, აუცილებელია საქართველომ დროულად დაიწყოს ახალი სადგურების მშენებლობა. რაც მეტად მნიშვნელოვანია, საქართველო ამ მხრივ მოგებიან პოზიციაშია, რადგან ჩვენს ქვეყანას დიდი რაოდენობით განახლებადი, მწვანე ენერგიების განვითარების რესურსი აქვს.

ყველაზე დიდი რაოდენობით განახლებადი რესურსი საქართველოს ჰიდრო, ანუ წყლის ენერგიის სახით აქვს.

„საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2020-2030-ის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით, 26 000 მდინარეა. ამ მდინარეებიდან, ძვირად ღირებული და ეროვნული ტყე-პარკებისა და დაცული ტერიტორიების არეალში მოხვედრილი პროექტების გამოკლებით, ტექნიკურ-ეკონომიკურად სასარგებლო ენერგეტიკული პოტენციალი, დაახლოებით, 300 მდინარეს აქვს, მათი წლიური გამომუშავების რესურსი კი 50 მლრდ კვტ/სთ-ია.

გარდა ამისა, საქართველოს ქარისა და მზის ენერგიების გარკვეული რესურსიც აქვს. ამ დროისთვის შესწავლილი მზის ენერგიის სრული პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 695 გვტ/სთ-ით, ხოლო ქარის ენერგიის რესურსი - 4680 გვტ/სთ-ით, რომელთა ათვისებას, არსებული პროგნოზით, ქვეყანა 2030 წლისთვის შეძლებს.

2030 წლისთვის, Galt&Tagart-ის, USAID-ისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროგნოზებზე დაყრდნობით, ენერგომოხმარება თითქმის გაორმაგდება და დღევანდელი 13 მილიარდიდან, დაახლოებით, 21 - 25 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზრდება.

საუკეთესო შემთხვევაში, თუ საქართველომ საკუთარი პოტენციალი სრულად აითვისა, ან თუნდაც მხოლოდ ჰიდრომიმართულებით - ეს ნიშნავს, რომ მზარდი შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილებასთან ერთად, თითქმის იმავე ოდენობის ენერგიის ექსპორტზე გატანასაც შევძლებთ. დაახლოებით, 25 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში, დღევანდელი გასაშუალოებული იმპორტის ფასით (5,5 ცენტი, თუმცა 2030 წლისთვის ეს ფასი საგრძნობლად გაზრდილი იქნება), ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორი ყოველ წელს 6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს. აქედან მხოლოდ მოგების გადასახადის და სატრანზიტო ტარიფების სახით, წლიურად 1.5 მლრდ აშშ დოლარი საქართველოს ბიუჯეტში გადაირიცხება.

ეს ყველაფერი შედარებითი ანალიზისთვის, იმ ფონზე, როდესაც საქართველო ყოველწლიურად ათეულობით მილიონ დოლარს ელექტროენერგიის იმპორტზე ხარჯავს და ამ თანხით მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებს აძლიერებს. ეს სურათი შესაძლებელია რადიკალურადაც შეიცვალოს და საქართველო საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტის - ელექტროენერგიის ექსპორტიორიც კი გახდეს, რაც ჩვენი მასშტაბის ქვეყნის ეკონომიკისთვის შთამბეჭდავი ნახტომი იქნება.

მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში კი, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ საქართველო საკუთარი განახლებადი რესურსების ათვისებით შეძლებს მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთოს.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური და შეუფერხებელი აღმავლობა კი სწორედ ენერგოდამოუკიდებლობასა და ენეგროუსაფრთხოებაზე გადის.