მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

400 ლარი... მე-13 პენსია... - როგორია 2020 წლის საპენსიო დაპირებები?

პენსიები იზრდება

საქართველოში საპენსიო დაპირებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალურია. საინტერესოა რას სთავაზობს 2020 წელს სხვადასხვა პარტია პენსიონერ მოქალაქეებს და რამდენად რეალური დაპირებებით შემოიფარგლებიან.

დღეის მდგომარეობით ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრება 220 ლარით. 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლის ზემოთ პენსიონერებს პენსია გაეზარდათ 30 ლარით და შეადგენს 250 ლარს.

ნებისმიერ მოქალაქეს 60-65 წლიდან აინტერესებს თუ როგორი მომავალი ელით და შეძლებენ თუ არა გაიუმჯობესონ საარსებო მინუმუმი.

საინტერესოა რას ჰპირდება მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ პენსიონერებს?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაორმაგებულია პენსია და ზრდა მოხდება ყოველწლიურად“ - ამის შესახებ პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

შესაბამისად, ქართული ოცნება მოსახლეობას პენსიების ყოველწლიურ ზრდას ჰპირდება, ხოლო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 2021 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ პენსიების 10 პროცენტიან ზრდას გვპირდება, თანაც ყოველწლიურად.

„პენსია მინიმუმ 10%-ით უნდა გაიზარდოს, თანაც ყოველწლიურად, უნდა ჩამოიწეროს ყველა საპენიო სესხის პროცენტი“ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

რამდენად რეალურია მისი დანაპირები ამას მათი გამარჯვების შემთხვევაში ვნახავთ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებს ახალ საპენსიო კონცეფციას სთავაზობს.

„პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია 400 ლარი გახდება “ , - აღნიშნულია პარტიის გეგმაში.

მოახერხებს კი პარტია პენსიის 400 ლარამდე გაზრდას?

საინტერესოა რას სთავაზობს პენსიონერებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“?

მათი დაპირებაა პენსიების ზრდა 400 ლარამდე.

ამ შემთხვევაში „ენმ“ და „ლელო საქართველოსთვის“ მსგავსი დაპირებებით გამოირჩევიან, ვნახოთ რომელს ენდობა საზოგადოება.

პარტია „ევროპული საქართველოს“ დანაპირების მიხედვით 60-65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს გაორმაგებულ პენსიას ჰპირდება.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ამჯერად წინასწარ მკაფიო ანონსებს არ აკეთებს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ მოსახლეობას დიდი შეღავათით მედიკამენტების შეძენაში დახმარებას სთავაზობს.

„თავისუფალი საქართველო“ ვერავის დაჰპირდება 500 ლარიან პენსიას, მაგრამ მზად ვართ პანდემიის პირობებშიც კი, მომხმარებლებს დიდი შეღავათით მივაწოდოთ მედიკამენტები“, - აღნიშნა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ კი გამარჯვების შემთხვევაში გაორმაგებულ და მე-13 პენსიას აანონსებს.

„ჩვენ დავიწყებთ ისტორიულ საპენსიო რეფორმას, პენსია არა მარტო გაორმაგდება არამედ პენსიონერებს შესაძლებლობა ექნებათ აიღონ მე-13 პენსიაც კი“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

რა იქნება სამომავლოდ, რამდენად გაიზრდება პენსია და რომელი პარტია შეძლებს 60-65 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეების გულის მოგებას ამას 31 ოქტომბრის შემდეგ ვნახავთ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.