მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩევნების II ტური - განახლებადი ინფორმაციები

არჩევნების მეორე ტური

🔴 ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების
     II ტურის უახლეს ამბებს.

🔴 საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 2020 წლის 21 ნოემბერს იმართება

🔴 არჩევნები 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს

🔴 ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება

🔴 ოპოზიციურმა სპექტრმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. მათივე თქმით, ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ.

🔴 Breaking News 👇

22.11.2020 - 10:05 ცესკო ყველა საარჩევნო ოლქის განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა საარჩევნო უბნის განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. შედეგების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თბილისი:

✔️ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი №2 - შალვა შავგულიძე 1727 ხმა (8.43%) და №41 - ბექა ოდიშარია 18769 ხმა (91.57%).

✔️ ვაკე №2 - ელენე ხოშტარია 1378 ხმა (6.28%) №41 - ნოდარ ტურძელაძე 20549 ხმა (93.72%).

✔️ საბურთალო №24 - ალექსანდრე ელისაშვილი 2770 ხმა (10.08%), №41 - დავით სერგეენკო 24697 ხმა (89.92%).

✔️ ისანი №5 - ხატია დეკანოიძე 1879 ხმა (7.85%), №41 - კახა კახიშვილი 22055 ხმა (92.15%).

✔️ სამგორი №5 - ლევან ხაბეიშვილი 3573 ხმა (11.32%), №41 - სოზარ სუბარი 27993 ხმა (88.68%).

✔️ დიდუბე-ჩუღურეთი №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 3188 ხმა (10.05%), №41 - გიორგი ვოლსკი 28522 ხმა (89.95%).

✔️ ნაძალადევი №10 - შალვა ნათელაშვილი 2223 ხმა (8.6%), №41 - მიხეილ ყაველაშვილი 23629 ხმა (91.4%).

✔️ გლდანი №5 - ნიკანორ მელია 3032 ხმა (10.64%), №41 - ლევან კობიაშვილი 28474 ხმა (89.36%).

რეგიონები:

✔️ თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი №5 - გიორგი ბოტკოველი 5608 ხმა (11.17%), №41 - ირაკლი ქადაგიშვილი 44616 ხმა (88.83%).

✔️ მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი №5 - ცეზარი ჩოჩელი 2076 ხმა (7.77%), №41 - შალვა კერესელიძე 25728 ხმა (92,53%).

✔️ რუსთავი, გარდაბანი №5 - დავით კირკიტაძე 4012 ხმა (10.31%), №41 - ნინო ლაცაბიძე 35297 ხმა (89.79%).

✔️ ხაშური, ქარელი №5 - ნატო ჩხეიძე 2763 ხმა (8.28%), №41 - ზაალ დუგლაძე 30602 ხმა (91.72%).

✔️ ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი №5 - კახა გეწაძე 3488 ხმა (8.06%), №41 - ბეჟან წაქაძე 39810 ხმა (91.94%).

✔️ ქუთაისი №5 - გრიგოლ ვაშაძე 2626 ხმა (8.08%), №41 - ზაზა ლომინაძე 29866 ხმა (91.92%).

✔️ ზუგდიდი №5 - მალხაზ ჯალაღონია 2064 ხმა (6.12%), №41 - ირაკლი ჩიქოვანი 31678 ხმა (93.88%).

✔️ ბათუმი №5 - ლევან ვარშალომიძე 4172 ხმა (12.19%), №41 - რესან კონცელიძე 30057 ხმა (87.81%).

✔️ ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო №5 - მიშა ბოლქვაძე 4293 ხმა (11.81%), №41 - ანზორ ბოლქვაძე 32062 ხმა (88.19%).

22.11.2020 - 01:12 ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

მეორე ტურში „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილი იღებდა მონაწილეობას, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ შუშანია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაწარი შედეგებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა ხმების 91.93% მიიღო, მისმა კონკურენმა კი 8.07%.

22.11.2020 - 00:58 ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებიდან ირკვევა, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები იმარჯვებენ.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:

☑️№1 მთაწმინდა კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) – 91.51% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) – 8.49%.

☑️N2 ვაკე- ელენე ხოშტარია 6.3% („ევროპული საქართველო“), ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.7%.

☑️№3 საბურთალო - „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 10.3%, დავით სერგეენკო (ქართული ოცნება) 89.97%.

☑️№4 ისანი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” ხატია დეკანოიძე 7.26%, კახა კახიშვილი (ქართული ოცნება) 92.74%.

☑️№5 სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.19% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.81%.

☑️№6 დიდუბე-ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.66% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.34%.

☑️№7 ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.14% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.86%.

☑️№8 გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.22% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.78%.

☑️№10 თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) 89.67% და გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.33%.

☑️№11 მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) 93.23% და ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.75%.

☑️№12 რუსთავი, გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) 87.65% და დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 12.35%.

☑️№16 ხაშური, ქარელი – ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) 91.04% და ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.96%.

☑️№21 ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) 91.87% და კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.13%.

☑️№23 ქუთაისი – ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) 93.6% და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.54.

☑️№27 ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 94.06% და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 5.94%.

☑️№28 ბათუმი – რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) 88.47% და ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.53%.

☑️№30 ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) 88.73% და მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.27%.

რაც შეეხება დანარჩენ 13 ოლქს, აქ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები პირველსავე ტურში გამოვლინდნენ და ყველა მათგანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

21.11.2020 - 23:30 თეა წულუკიანი ოპოზიციას: თუ აპირებ პოლიტიკაში დიდ ხანს ყოფნას, დამარცხებაც უნდა ისწავლო

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი თეა წულუკიანი საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

ამასთან, თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე ისაუბრა. წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარ თავს დიდი მოლოდინი შეუქმნა.

მისივე თქმით, მათ რეალობის აღქმა უჭირთ.

„რეალობის აღქმა გაუჭირდათ, რადგან საკუთარ თავს დიდი მოლოდინები შეუქმნეს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდები წარსულს, როდესაც ჩვენი კანდიდატი მერის არჩევნებში მონაწილეობდა 2010 წლის მაისში, ჩვენ ძალიან პატარა პარტია ვიყავით. პარტია რისი პარტიაა თუ არ სჯერა რომ გაიმარჯვებს, მაგრამ თუ არ ხარ მომწიფებული გიჭირს დაიჯერო, რომ დამარცხდი.

თუ აპირებ პოლიტიკაში დიდ ხანს ყოფნას, დამარცხებაც უნდა ისწავლო. მე ჩემს თავზე ვიტყვი, სხვებს რომ არ ეწყინოთ. 48%, რომ დავინახე, ეს არ იყო ჩემი მოლოდინი. „ქართული ოცნების“ ერთი წარმომადგენლის მოლოდინზე ვსაუბრობ. სხვა რა გზა არსებობს დემოკრატიაში გარდა იმისა, რომ ე.ი. რაღაცა დააკელი, რაღაცები შეგვეშალა და ასე შემდეგ. ელემენტარული დემოკრატიული პროცესია. ზოგიერთ ოლქში მოლოდინები გამართლდა, მივიღეთ 55% და ცოტა მეტი მხარდაჭერა. ზოგან არ გამართლდა. თუ ნორმალური პარტია ხარ, ამის ანალიზი უნდა შეგეძლოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში.

21.11.2020 - 23:20 ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

ხმაურია ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.

„მონები, მოღალატეებო“ - ამ შეძახილებით ხვდებოდნენ აქციის მონაწილეები საარჩევნო კომისიის წევრებს.

აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბებულ შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები არჩევნების მეორე ტურს ფორმალობას უწოდებენ.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადგილზე მობილებული არიან სამართალდამცველები.

21.11.2020 - 22:27 ბათუმში არასამთავრობოები ცესკოსთან აქციას მართავენ

ბათუმში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

„მოღალატე, მონები, გამოდი გარეთ“ - ამ შეძახილებით სკანდირებენ აქციის მონაწილეები ბათუმის ცესკოთან.

მათივე თქმით, ისინი საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბებულ შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები არჩევნების მეორე ტურს ფორმალობას უწოდებენ.

„არჩევნებს გვიყალბებენ ძალიან დიდი დოზით და ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

21.11.2020 - 22:13 ნიკა მელია: გლდანში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე, ვიდრე პირველ ტურში ხმა ავიღე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს აფასებს.

ნიკა მელიას თქმით, პირველ ტურში 31 391 ხმა მიიღო.

„დღეს გლდანში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე, ვიდრე პირველ ტურში ხმა ავიღე ანუ პირველ ტურში ავიღე 31 391 ხმა. დღეს კი არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 29, 919 ამომრჩეველმა. გაგიმარჯოთ ლეგიტიმაციაში“, - აცხადებს მელია.

21.11.2020 - 21:18 20:00 საათის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26.29% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 26.29% შეადგინა.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, 21 ნოემბრის კენჭისყრაში მონაწილეობა 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ამასთან, იოსელიანის თქმით, საარჩევნო ოლქებში სულ 12 საჩივარი შევიდა. ნათია იოსელიანი განმარტავს, რომ მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

„მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით 26.29% შეადგინა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 562 664-მა ამომრჩეველმა. დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე ოქმები მიეწოდება საოლქო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადაში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში“, - აცხადებს იოსელიანი.

21.11.2020 - 20:54 ირაკლი კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში მმართველი გუნდი 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა.

კობახიძე აცხადებს, რომ ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი საუკეთესო პლატფორმა გახდება პოლიტიკური დებატებისთვის.

„მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ შექმნა. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“,- აღნიშნა კობახიძემ.

21.11.2020 - 20:43 ზუგდიდის მერი: მეორე ტურზე დაბალი აქტივობა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას შეფასებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, პირველ რიგში, კორონავირუსის მხრივ არსებულმა რთულმა ვითარებამ, მეორე მხრივ, კი ოპოიციონერი მხარდამჭერების არჩევნებზე გამოუცხადებლობამ გამოიწვია.

მისივე განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჩვენი მომხრეების დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი, იმისთვის, რომ ეს აღმშენებლობის ტემპი, რაც არის ჩვენს მუნიციპალიტეტში, გაგრძელდეს.

ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, თითქოს მათ რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში, სხვანაირად იქნებოდა გადანაწილება, თუმცა, მინდა ვთქვა და კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, იმ მხარდაჭერით, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ არჩევნებში, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებდა.

ასე რომ, მათი მხრიდან სპეკულაცია, ნებისმიერი დესტრუქცია აზრს მოკლებულია და მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ამომრჩევლებს ამ მხარდაჭერისთვის ვუთხრა მადლობა. მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ამ არჩევნებში“, - განაცხადა შენგელიამ.

რაც შეეხება ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას, ზუგდიდის მერის თქმით, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, პირველ რიგში, გამოწვეული იყო კორონავირუსთან დაკავშირებული რთული ვითარებით.

„ყოველ დღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ამან გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ ამომრჩევლებმა თავი შეიკავეს საარჩევნო უბნებზე მისვლისგან. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ არ მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრეები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი უბნებზე.

თუმცა, როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი განლაგების შემთხვევაში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმ მხარდაჭერით, რა მხარდაჭერას ჩვენ მივიღეთ, აუცილებლად და დამაჯერებლად გაიმარჯვებდა”, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

21.11.2020 - 20:14 ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა სადეპუტატო მანდატი მოიპოვა

„გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები, როგორც მოსალოდნელი იყო „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა. როგორც მოგეხსენებათ 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე.

თუმცა მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები, როგორც მოსალოდნელი იყო „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

21.11.2020 - 20:03 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. დღეს მოსახლეობამ მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს უყარა კენჭი.

ხმის დათვლის პროცედურები უკვე დაიწყო.

21.11.2020 - 18:21 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74 % შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74% შეადგინა.

ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტები.

ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში და შეადგენს 16%-ს. თუ შევადარებთ ამომრჩეველთა აქტივობას 2016 წლის არჩევნების მეორე ტურს 17:00 საათის მდგომარეობით 2016 წელს დაფიქსირდა 30.99 %.

21.11.2020 - 17:25 მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ გამარჯვება საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე დაბალი აქტივობაა, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, ეს ნორმალურია.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია გარკვეული ტიპის პროვოკაციებს გეგმავს.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებს არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის იყენებს.

„საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე მშვიდ მიმდინარეობს. ზოგადად მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით აქტივობა არ არის მაღალი, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.

ჩვენ დილიდან არაერთხელ წინასწარ გავამახვილეთ ყურადღება, რომ რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი მათი ლიდერების მითითებით აპირებს ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციის და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის პროვოკაციების მიუხედავად არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ. შემიძლია რამდენიმე გვარიც კი დავასახელო იმისათვის, რომ გაირკვეს ვის სთხოვეს აჭარის „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე, ესენი არიან ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე“, - ამბობს მდინარაძე.

მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მოწოდებს, თავი დაანებობ ე.წ. ნაღმების აფეთქებას.

„გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებ „ნაცმოძრაობის“ ყველა ლიდერს, თავი დაანებონ პატარ-პატარა ე.წ. ნაღმების აფეთქებას, აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ყველა ინფორმაცია გაქვს აბსოლუტურად. იმ ეჭვებსაც თავი დაანებონ, სუსს რომ მოიშველიებენ ხოლმე. ამიტომ ამ მდარე პროვოკაციებს არავითარი აზრი არ აქვს, ასევე, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს 8 საათზე ან მის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება. ესეც მდარე პროვოკაციაა, მითუმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ე.წ. მოღვაწეობის განმავლობაში სულ რუსულ საქმეს აკეთებდა“, - დასძინა მდინარაძემ.

21.11.2020 - 16:40 ჯაფარიძე: ბოიკოტის რეჟიმი თუ გაგრძელდა, ეს პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს

„თუ ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდა და ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, ეს პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფასილიტატორი ელჩების დახმარებით მოლაპარაკებების მაგიდა არსებობს და შესაბამისად, შანსია რაიმე ტიპის პოლიტიკური ტიპის შეთანხმება შედგეს.

„მოლაპარაკების მაგიდა არსებობს, ამიტომ დავტოვოთ შანსი, რომ იქ პოლიტიკური ტიპის შეთანხმება შესაძლოა, შედგეს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვეცდები თავი შევიკავო. თუ ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდა და ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, ეს პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს, ეს აღარ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ამბავი, პრობლემა ექმნება ზოგადად ქვეყანას. იმიტომ რომ ჩვენ გადავვარდებით სრულ გაუგებრობაში.

თუ ახლა გვაქვს სიღარიბის სერიოზული პრობლემა, პლუს პანდემია. ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება ნებისმიერ შემთხვევაში და ამას „ოცნება“ ვერ უშველის.

ოპოზიციას საკმაოდ კონსტრუქციული ტონი აქვს, ყველა ელოდება მესამე რაუნდს. მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვანაირად იქცევიან, ასე არ ლაპარაკობენ როგორც საჯაროდ, ბევრად უფრო ადამიანურები და კონსტრუქციულები ჩანან ვიდრე საჯარო გამოსვლის დროს. მარტო ხელისუფლებას არ ეხება, კამერები როცა ირთვება, პოლიტიკოსები როლში შედიან და კამერების მიღმა ხშირ შემთხვევაში სხვანაირი ადამიანები არიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში“, - აცხადებს ჯაფარიძე.

21.11.2020 - 16:19 ცესკო: 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16,47% შეადგენა

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა.

რაც შეეხება რეგიონების აქტივობას, ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთში დაფიქსირდა. ოლქების მიხედვით მონაცემები კი შემდეგნაირად ნაწილდება: ყველაზე მაღალი აქტივობა შუახევი-ხელვაჩაური-ხულო ოლქში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ნაძალადევის ოლქში.

21.11.2020 - 16:09 ღარიბაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე: ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

ღარიბაშვილმა უკვე დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში არ მონაწილეობენ, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის მშვიდობიან სტაბილურობას.


„მეორე ტური მშვიდად მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეს რა თქმა უნდა ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. დღეს ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და სტაბილურობას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

21.11.2020 - 16:01 უკონკურენტოდ - BBC საქართველოში არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება

BBC საქართველოში არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. არჩევნები უკონკურენტოდ ტარდება, რადგანაც ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. არჩევნები 17 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება, თითოეულ ოლქში 2-2 კანდიდატია, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენელთა სახელები საარჩევნო ბიულეტენებში - მხოლოდ ფორმალობაა - წერს BBC.

„უნდა მივხვდეთ, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარების გაგრძელება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების დროს, რაც ამჟამად არსებობს. პირველ რიგში, ეს გლობალური პანდემიაა, ეკონომიკური კრიზისი და რეგიონული კონფლიქტები“ - განაცხადა გახარიამ.

BBC-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტის თაობაზე და 31 ოქტომბრის არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე პრემიერს კომენტარი არ გაუკეთებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უმრავლესობა მიიღო.

ცესკოს ინფორმაციით, „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ამომრჩეველთა ხმების 48% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - ძალა ერთობაშია“ – 27%. პარლამენტში კიდევ 7 ოპოზიციური პარტია მოხვდა, მაგრამ ყველამ 4%-ზე ნაკლები აიღო.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგები არ ცნო და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს - წერს BBC. განაგრძეთ კითხვა.

21.11.2020 - 15:26 კახა კახიშვილი: შემოვხაზე ქვეყნის სწორი, სწრაფი და გონივრული განვითარების უზრუნველყოფა

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის სწორ, სწრაფ, გონივრულ განვითარებასა და ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფას.

კახა კახიშვილმა ამომრჩევლების მაღალი აქტივობის იმედი გამოთქვა.

„ვიმედოვნებ, როგორც პირველ ტურში იყო, მეორე ტურშიც საკმაოდ მაღალი იქნება ამომრჩევლის აქტივობა. ხმა მივეცი ქვეყნის სწორ, სწრაფ, გონივრულ განვითარებასა და ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, ისანში კახა კახიშვილის ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძეა, რომელიც, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციონერები, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დეკანოიძე საპარლამენტო ბიულეტენში ასახული არ არის.

21.11.2020 - 15:17 ხატია დეკანოიძე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნებში პირველად მონაწილეობს ერთი პარტია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა.

დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციას კომპრომისისთვის ძალიან ცოტა სივრცე აქვს. დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი.

„პირველად ხდება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ერთი პარტია მონაწილეობს არჩევნებში. ოპოზიცია და ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიისთვის, რომელიც მას სჭირდება.

ოპოზიციას კომპრომისისთვის ძალიან ცოტა სივრცე აქვს, ჩვენ უკვე გვაქვს ის კომპრომისი, რასაც ჰქვია ურთიერთობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით მმართველ პარტიასთან. ამიტომ, ჩვენ დაველოდებით მათ შემხვედრ წინადადებებს თუ როგორი იქნება, რა გარანტიებზე იქნება საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი ერთპარტიულ პარლამენტს მიიღებს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

21.11.2020 - 15:05 გია ვოლსკი: არც ჩვენ ვაპირებთ რაიმე პოზიციის დათმობას

„არ შეიძლება უღალატო ადამიანებს, რომლებიც მიდიან ხმის მისაცემად“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. ის აცხადებს, რომ ქვეყნის სტაბილურობას დაუჭირა მხარი.

„არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას არა ჩვენი პოზიციის, არამედ საზოგადოების პოზიციის, არ შეიძლება უღალატო ადამიანებს, რომლებიც მიდიან ხმის მისაცემად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

21.11.2020 - 14:14 მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ხმის მისაცემად ფარულად ახდენს მხარდამჭერების მობილიზებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის საჯარო განცხადებებისა, ოპოზიცია ფარულად ახდენს ხმის მისაცემად მხარდამჭერების მობილიზებას.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა საარჩევნო უბანთან ფიქსირდებიან ოპოზიციის მხარდამჭერები.

ამასთან, მდინარაძე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში. ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად.

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლები. ასევე, შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც, როდესაც აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა, მათ მაშინაც საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ. აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

21.11.2020 - 13:53 იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი მე-40 საარჩევნო ოლქში გააკეთა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართვლოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი მე-40 საარჩევნო ოლქში გააკეთა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს და სტაბილურობას.

„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემს გუნდთან ერთად გზა ღირსეულად გავიარეთ არჩევნებამდე და ჩემი არჩევანიც ღირსეულია, ჩვენი გამარჯვებაც ღირსეული იქნება. ხმა მივეცი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, განათლების, კულტურის კიდევ უფრო განვითარებას.

დარწმუნებული ვარ, დღეს ქუთაისი და მთელი საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და მოგვცემს იმის საშუალებას, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ქალაქის მომავალზე, განვითარებაზე. მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩევლს, ყველა მხარდამჭერს და ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის.

აქვე, მინდა მოვუწოდო ჩემს ძვირფას თანაქალაქელებს, ნუ დაიზარებთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიდით არჩევნებზე, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

21.11.2020 - 13:37 „მივესალმებით საბჭოთა საქართველოს“ - საპროტესტო აქცია ცესკოსთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამ ფორმით უცხადებენ უნდობლობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს.

ცესკოს წინ აღმართულ რკინის ბარიერებზე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სტიკერები მიაკრეს.

„მივესალმებით საბჭოთა საქართველოს, მივესალმებით ამხანაგ ივანიშვილს და იმ ამხანაგებს, რომელბმაც წაართვეს ქვეყანას არჩევანი. დღეს ატარებენ გაყალბებული არჩევნების მეორე ტურს, სურთ, რომ ერთპარტიულად მართონ ქვეყანა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს ამ ფარსში არ მიიღონ მონაწილეობა“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

21.11.2020 - 13:21 ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8,29%-ს შეადგენს

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მეორე ტურში ამომრჩეველთა რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა.

იოსელიანის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა.

„არჩევნების მეორე ტურში ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ამომრჩეველმა, რაც არის ამომრჩეველთა რაოდენობის 8,29%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში 21-ე მაჟორიტარულ ოლქში, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში.

ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს კენჭისყრა, აღნიშნულ უბანზე 205 ამომრჩეველია, ხოლო რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეციალურად შექმნილ უბანს სადაც 19 ამომრჩეველია, გადასატანი საარჩევნო ყუთი უკვე ემსახურება იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს.

საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად, შეუფერხებლად გადაადგილდნენ და დააფიქსირონ საკუთარი ხმა.

ასევე სამკურნალო სტაციონალურ დაწესებულებებს და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი სპეციალური 80 უბანი 185 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

21.11.2020 - 12:54 შალვა კერესელიძე: ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთის და თიანეთის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ.

მან ხმა დუშეთის ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე მისცა. კანდიდატის განცხადებით არჩევნების მეორე ტურის პროცესი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.

„საარჩევნო პროცესი თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს საკუთარი არჩევანი გააკეთოს უსაფრთხო გარემოში. ამისთვის ყველა ზომაა მიღებული საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლებისა და ღირსების ფასი. მე ხმა მივეცი ქვეყნის აღმშენებლობას, განვითერებასა და მშვიდ ქვეყანაში ცხოვრებას”,-განაცხადა კერესელიძემ.

21.11.2020 - 12:30 ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე

ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე. ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამომრჩევლის აქტივობა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი“, - აღნიშნა კობახიძემ.

21.11.2020 -12:15 თურნავა: იმედია ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც ამომრჩეველმა დააკისრა

„მეათე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა - შევლენ პარლამენტში და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

„ესაა პანდემია, რომელსაც ვებრძვით; ესაა ეკონომიკური სირთულეები, რაც ერთობლივადაა დასაძლევი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციაც პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ჩაერთოს მათ შესახებ მსჯელობაში, დებატებში და ერთობლივად ვიმუშაოთ მეათე მოწვევის პარლამენტში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

21.11.2020 - 12:04 ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდა-კრწანისის მეოთხე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ივანიშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს.

ამასთან, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ საღი აზრი აჯობებს და ქვეყანა მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს მიიღებს.

ივანიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა 31 ოქტომბერს გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის.

„შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. შედეგად მივიღეთ პარლამენტში 9 პარტიის წარმომადგენლობა, რაც მისასალმებელია.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია კი, ზედმეტად გადაჭარბებული ემოციით და ამბიციურად აფიქსირებს პოზიციას. მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

21.11.2020 - 11:48 ნოდარ ტურძელაძე: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ ტურძელაძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და აქტიურობისაკენ მოუწოდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ნოდარ ტურძელაძემ ხმა ვაკის რაიონის 41–ე საბავშვო ბაღის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

21.11.2020 - 11:41 „ქართული ოცნების” ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში, 23-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი „ქართული ოცნების” ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ უკვე გააკეთა.

ბეჟან წაქაძის თქმით, ხმა ქვეყნის განვითარებას, აღმშენებლობას და „ქართული ოცნების” მიერ 8 წლის წინ დაწყებული პროექტების გაგრძელებას მისცა.

წაქაძის განცხადებით, მისი პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობასა ზრუნვა იქნება. ბეჟან წაქაძემ ისიც აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანის ხმას მიიტანს საკანონმდებლო ორგანომდე.

21.11.2020 - 11:30 პენიტენციურ დაწესებულებებში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2020 წლის საპრლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 9 საარჩევნო უბანი (ორი საარჩევნო უბანი N8 დაწესებულებაში, ერთი უბანი N12-N16 დაწესებულებებში, ერთი უბანი N17 დაწესებულებაში, ერთი უბანი N5-N6 დაწესებულებებში, ერთი უბანი N15 დაწესებულებაში, ერთი უბანი N10 დაწესებულებაში, ერთი უბანი N2 დაწესებულებაში, ერთი უბანი N3 დაწესებულებაში) 08:00 საათზე გაიხსნა.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლიათ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი საარჩევნო უბნების მეშვეობით. პენიტენციურ სისტემაში არჩევნების მეორე ტურში ჯამში მონაწილეობას იღებს 977 პირი (აქედან 570 თანამშრომელი და 407 პატიმარი).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 9 ოქტომბრის №43/2020 დადგენილებით, 2020 წლის 21 ნოემბრის არჩევნებისთვის განსაზღვრულია ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები და დადგენილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური წესები და შესაბამისად, საარჩევნო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში მოცემული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.

21.11.2020 - 10:31 პრეზიდენტი: მე-10 მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას მივეცი ხმა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე თავისი არჩევენი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმა მისცა მე-10 მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას.

„მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას მივეცი ხმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან, ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი.

ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, 9 პარტიას მისცა ხმა. ყველამ უნდა ვცეთ პატივი ამომრჩევლებს და მათ სურვილს.

ეს პარლამენტი მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიისა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ძნელად წარმომიდგენია, ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და ძნელად წარმომიდგენია არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი. ამას ვუსურვებ მე საქართველოს, ვუსურვებ ყველას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

21.11.2020 - 10:18 კახა კალაძე: წარმატებულ საქართველოს მივეცი ხმა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე თავისი პოზიცია საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმა წარმატებულ და სტაბილურ საქართველოს მისცა.

„დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

21.11.2020 - 09:53 ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას

„ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იყო ერთ-ერთი პირველი ამომრჩეველი, რომელმაც ზუგდიდში ხმა მისცა.

მისი თქმით, მან ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მისცა.

„მე ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას. როგორც იცით ზუგდიდში პირველი ტური ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან და დარწმუნებული ვარ დღესაც ზუგდიდელები იაქტიურებენ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი.

ეს უკვე ზუგდიდისთვის ტრადიცია ხდება როგორც წესი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მეორე ტურში არ მონაწილეობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით უნდა უგულებელყო ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ ზუგდიდელები კიდევ ერთხელ იაქტიურებენ და საკუთარ არჩევანს გააკეთებენ”,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

21.11.2020 - 09:45 ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანქანა დააზიანეს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის პირადი ავტომობილი დიდი ქვით დააზიანეს.

დაზიანებულია წინა საქარე მინა. როგორც მირანდა მესხი ამბობს, მას მანქანა ასეთ მდგომარეობაში დღეს დილით დახვდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

21.11.2020 - 09:41 პრემიერი ოპოზიციას: უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა

„რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში.

„მეორე ტურში, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი, ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პანდემიის დროს, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში, გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, ყველა ამ პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში. ეს არის ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ეს არის, როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება, გარდა ამისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

21.11.2020 - 09:27 ცესკო: უამინდობის გამო ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა

კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მიაწოდა.

„მოგეხსენებათ 08:00 საათზე იხსნება ყველა უბანი. ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი საარჩევნო უბანი (11.28.33); რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი (11.28.34), ვინაიდან უამინდობის გამო ვერტმფრენს ვერ გადაჰყავს კომისიის წევრები ადგილზე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია და ასევე ერთ-ერთი უბანი (11.29.12), სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ორი უბანი შესაძლებელია მოგვიანებით გაიხსნას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ.

ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს პირბადით; მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 659 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

„აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, რომ მათ საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი.

ჩვენ დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით, პირველის ნახევარზე გაიმართება“,-აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

21.11.2020 - 09:20 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ქუთაისში ასევე იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

მეორე ტური ტარდება თბილისის რვავე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში, მცხეთა-მთიანეთში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში, ქუთაისში, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში, ზუგდიდში, ბათუმში, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს ოლქში.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან.