მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ

არჩილ თალაკვაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში გამართა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდის კანდიდატმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნეს ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები და პარტიის საარჩევნო პროგრამა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყანას სჭირდება გოგი მეშველიანის მსგავსი პატრიოტი და თავდადებული პოლიტიკოსები.

„გოგი მეშველიანმა ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია ჩაატარა. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ის იმარჯვებს პირველ ტურში. ის არის კანდიდატი, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც პანდემიის პერიოდში საკარანტინო მდგომარეობის დროს ბოლომდე რჩებოდა თავის მოქალაქეებთან, იყო რაიონში, სანამ არ გაიხსნა მოძრაობა და სანამ ყველა მოქალაქეს არ მიექცა სათანადო ყურადღება, საკვების თუ სამედიცინო მომსახურების კუთხით. ასეთი თავდადებული ადამიანები, ასეთი ქვეყნის პატრიოტები და საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები სჭირდება ქვეყანას პარლამენტში და მე მინდა კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირო ბატონ გოგი მეშველიანს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეაფასა საარჩევნო კამპანია და აღნიშნა, რომ შეხვდა ოლქის ყველა სოფლის, დაბისა და ქალაქის მოსახლეობას.

„შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს, ყველა სოფლის სატკივარი ვიცით. ყველა პრობლემა აღვწერეთ. ბუნებრივია, ჩვენს გუნდთან ერთად თავდაუზოგავად ვიმუშავებთ ყველა ამ საკითხის გადაწყვეტაზე.

ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ამ ზრუნვის ფარგლებში ძალიან დიდი ინვესტიციები იქნება მიმართული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ", - განაცხადა გოგი მეშველიანმა.