მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: პარტიები, რომლებიც დეზინფორმაციის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, მომავლის პოლიტიკაში ადგილს არ იმსახურებენ

სიტყვით გამოსვლა

„თქვენ ამ არჩევნებში გაქვთ საშუალება, აირჩიოთ თქვენი ქვეყნისთვის ყველაზე ეფექტური წარმომადგენლები, გაქვთ ასევე საშუალება, რომ ხმა მისცეთ უფრო სტაბილურ, მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას, ასევე გაქვთ შანსი, რომ პოლიტიკური ველიდან გაიყვანოთ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები, რომელსაც საზოგადოებამ უარი უთხრა 2012 და 2016 წლების არჩევნებში“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აბაშაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტის მოწვევა და მისი დაკომპლექტება არ არის.

„პოლიტიკური პარტიები, რომელსაც საზოგადოებამ უარი უთხრა 2012 და 2016 წლების არჩევნებში. რასაკვირველია, დღეს მათ დაბრუნების შესაძლებლობა არც აქვთ, მაგრამ პარტიები, რომლებიც იქცევიან უპასუხისმგებლოდ და დეზინფორმაციის და ტალახის სროლის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, არ იმსახურებენ ადგილს მომავლის პოლიტიკაში.

პირველ რიგში, მინდა მივმართო საზოგადოებას, ვისაც მომავალი აინტერესებს: ჩვენ მაქსიმალურად ამ არჩევნებით გავხსნით კარს ახალი შესაძლებლობისთვის, მეტ ახალგაზრდას შევუქმნით საშუალებას, რომ ჩაერთოს ბიზნესში, შექმნას საკუთარი შემოსავალი და საკუთარი ოჯახის ეკონომიკა. მეტ ახალგაზრდას მივცემთ საშუალებას, რომ თავისი კარიერა დაიწყოს საჯარო სამსახურში და ამის მაგალითი და მთავარი მხარდამჭერები სწორედ აქ იმყოფებიან, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც უკვე არაერთ ადამიანს, არაერთ ახალგაზრდას, მათ შორის, თქვენს მუნიციპალიტეტში, მიეცა საშუალება, რომ ჩაერთოს პოლიტიკაში და თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მსურს, მხარდაჭერა გამოვთქვა მეც და შევუერთდე პრემიერ-მინისტრის და გენერალური მდივნის სიტყვებს, ბატონ ალექსანდრე მოწერელიას, რომელიც მართლაც გამოცდილი საჯარო მოხელე და პოლიტიკოსი გახლავთ. მინდა, მას გამარჯვება ვუსურვო, გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, აბაშას და ერთად საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.