მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BBC: არჩევნები საქართველოში, „ოცნების“ მესამე ვადა თუ ხელისუფლების ცვლილება?“

BBC საქართველოს არჩევნებზე

BBC საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ვრცელ სტატიას უძღვნის სათაურით - „არჩევნები საქართველოში, „ოცნების“ მესამე ვადა თუ ხელისუფლების ცვლილება?“ სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნები საქართველოში სრულიად ახალი საარჩევნო სისტემით ტარდება, რომელიც მრავალპარტიული პარლამენტის დაკომპლექტების შანსს ზრდის, რასაც, შესაძლოა, ოპოზიციური კოალიციის ჩამოყალიბება მოჰყვეს.

ამომრჩევლები პარტიული სიით 120 დეპუტატს აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარულით - 30-ს. ამის შედეგად არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე საინტერესო შეიძლება იყოს, რომლის შედეგების გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს ე.წ. „ჩამკეტი სისტემა“ წარმოადგენს, როდესაც პარტია, რომელიც 40% ზე ნაკლებს აიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

საქართველოს ტერიტორიაზე 3 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ყველგან, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის გარდა. „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ ხმების 60%-ს მიიღებს და მთავრობას დააკომპლექტებს. ოპოზიციას განსხვავებული პროგნოზი აქვს. ოპოზიციური პარტიები ვარაუდობენ, რომ „ოცნება“ 50 %-ს ვერ მიიღებს და მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა იქნება საჭირო.

BBC ასევე წერს, რომ საარჩევნო კამპანიაზე გარკვეული გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ, რის გამოც წინასაარჩევნო კამპანია ისეთი აქტიური არ იყო, როგორც წინა წლებში. ინფიცირებულთა შორის, პოლიტიკოსები და წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეებიც აღმოჩნდნენ. ამასთანავე, თუ გაზაფხულზე ხელისუფლება ამაყობდა ვირუსთან ბრძოლის მხრივ მიღწეული შედეგით და საქართველო ე.წ. "მწვანე ქვეყნების" ზონაში იყო, ახლა მან "წითელ ზონაში" გადაინაცვლა და პანდემიასთან ბრძოლის საკითხში სერიოზული სირთულეები შეინიშნება.

კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 127 სპეციალური უბანი მოაწყვეს. გადასატანი ყუთებით ხმის მისაცემად, ამომრჩევლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი წინასწარ უნდა შეეტანათ.

პანდემიამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზეც იმოქმედა. ზოგიერთმა ორგანიზაციამ საქართველოში მივლენილი სადამკვირვებლო ჯგუფების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ სიტუაციაში საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვების კუთხით უფრო დიდი როლი ენიჭებათ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.

BBC წერს, რომ სოციოლოგიური კვლევების შედეგად არჩევნებზე ფავორიტი „ქართული ოცნებაა“. ამასთანავე, ძალზე ბევრი ამომრჩეველია, რომელმაც კვლევების დროს საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ მმართველ ძალას საქართველოში ყოველთვის გამარჯვების უფრო დიდი შანსი აქვს, რადგანაც ამომრჩეველზე ზემოქმედების მრავალი მექანიზმი გააჩნია. „ჩვენ უფრო მეტად გვიკვირს, როდესაც არჩევნებზე ხელისუფლება იცვლება, ვიდრე როდესაც ის არ იცვლება. თუ ოპოზიციურმა ძალებმა გაიმარჯვეს, ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება, ვინაიდან საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული, საარჩევნო გზით უკვე მეორედ გამოიცვლება. პირველად ეს 2012 წელს მოხდა. ბევრი იქნება იმ ამომრჩეველზე დამოკიდებული, რომელიც არჩევანში მერყეობს - ხმა მისცეს სტატუს-ქვოს თუ ცვლილებებს. სწორედ ეს ამომრჩეველი გადაწყვეტს არჩევნების ბედს“. - განუცხადა BBC-ს ექსპერტმა გია ნოდიამ.

BBC ასევე წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებამ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელოს, ოპოზიციაში უთანხმოება გამოიწვია. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ თუ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდება საჭირო, ამან შეიძლება სამთავრობო კრიზისი გამოიწვიოს, თუმცა ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება. რაც შეეხება სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის შანსებს, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ის ძალზე მცირეა.

არჩევნების შემდგომ პერიოდში რევოლუციურ სცენარებს პოლიტოლოგები ნაკლებად სავარაუდოს უწოდებენ, ვინაიდან საქართველოში დღეს არ არის რევოლუციური სიტუაცია. მიუხედავად, იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება და რევოლუციური შტატებიც კი აქვს გახსნილი, ამის ალბათობა ძალზე მცირეა. რევოლუციის შესაძლებლობის შესახებ განცხადებები პრაქტიკულად ყველა არჩევნების წინ კეთდება, ვინაიდან საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია.

ამასთანავე ექსპერტები არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებს არ გამორიცხავენ. - წერს BBC.

👉 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები მიმდინარეობს.

👉 დღეს ასევე იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.