მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Deutsche Welle: საქართველოში ხელისუფლება იმარჯვებს, ოპოზიცია კი აქციებს ამზადებს

დოიჩე ველე არჩევნებზე

Deutsche Welle (გერმანული ტალღა) საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, სახელისუფლებო „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, ოპოზიცია კი საპროტესტო მანიფესტაციებს ამზადებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ“ 48% მიიღო, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27%.

ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმათა 90% დაითვალა. ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის მომხრეებს გამარჯვება ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ მიულოცა.

„ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში 76 მანდატი მიიღო და მთავრობას ერთპიროვნულად დააკომპლექტებს. „ჩვენ ნდობის ვოტუმს გამოვუცხადებთ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, პარლამენტში 7 პოლიტიკური ძალა მოხვდება. ისინი, სავარაუდოდ, 1%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

ოპოზიცია არჩევნების ფალსიფიცირებაზე საუბრობს და თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ოპოზიციამ საერთაშორისო დამკვირვებლებს მიმართა, რომ მათ არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარონ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ახალი წესით გაიმართა. გამსვლელი ბარიერი 3-დან 1 პროცენტამდე იყო დაწეული. პარლამენტის 150 წევრიდან 120 პარტიული სიებით, ხოლო 30 - მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 48 პარტია და საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა - წერს Deutsche Welle.