მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინჟინერი, ისტორიკოსი, დიპლომატი ... - რა განათლება აქვთ მიღებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს?

პოლიტიკოსების კოლაჟი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებმა საკუთარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები წარმოადგინეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად დასახელებულები არიან: მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე, „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „ერთიანი საქართველოს“ პრემიერობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე, პარტია „მოქალაქეების” პრემიერობის კანდიდატი კი ლევან იოსელიანია.

საინტერესოა რა პროფესიის არიან და სად აქვთ მიღებული განათლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს.

დავიწყოთ მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიას შესახებ

„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გამარჯვების შემთხვევაში მოქმედ პრემიერს, გიორგი გახარიას წარმოადგენს. რა პროფესიის არის და სად აქვს განათლება მიღებული პრემიერ-მინისტრს?

giorgi-gakharia_o_h.jpegგიორგი გახარია 1992–1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ასევე განათლება მიიღო მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. ხოლო 2003-2004 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2013 წლის მარტიდან, როცა ის გახდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივლისამდე, დღეს კი საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გახლავთ.

saakashvilis-akhalgazrdoba_o_h.jpeg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია წარმოდგენილი

მიხეილ სააკაშვილმა 1984 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1992 წელს კი სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო.

სააკაშვილი მცირე ხანს მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა 1994 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ კარიერას, 1995 წელს სააკაშვილს დაუკავშირდა ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით მიიწვია პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წევრად, დღეს კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ენმ-ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გვევლინება.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა

giorgi-vashadze_o_h.jpegგიორგი ვაშაძემ განათლება მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა (სახელმწიფო მართვა) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის მიმართულებით. ამავე უნივერსიტეტებში მიღებული აქვს ორი სამეცნიერო ხარისხი საჯარო ადმინისტრირებასა და სამართლში.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აგრეთვე სწავლობდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში - ლიდერობის განვითარების პროგრამას.

გიორგი ვაშაძე 2005 წლიდან აქტიურად იყო ჩართული და წარმატებით განახორციელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრავალი პროექტი დღეს კი პრემიერობის კანდიდატია.

რაც შეეხება „ლელოს“, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარმოდგენილი ჰყავთ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეი

mamuka-khazaradze_o_h.jpeg

მამუკა ხაზარაძემ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს, 2000 წელს კი ჰარვარდის ბიზნესსკოლა.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი 1988-1990 წლებში იყო საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, 1991 წელს კი ფირმა „სანსის“ დირექტორი.

1990 წელს ხაზარაძე შემოქმედებითი პროგრამების საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 12 სექტემბერს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“.

დღესდღეობით კი მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად არის წარმოდგენილი.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი შალვა ნათელაშვილი გვევლინება.

shalva-natelashvili_o_h.jpeg

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში განაგრძო სწავლა.

1981 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურატურაში, სადაც მუშაობდა 1992 წლამდე.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ კარიერას, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (დუშეთის მაჟორიტარი).

ნათელაშვილი 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (დუშეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

დღეს კი შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის წარმოდგენილი.


პარტია „ერთიანი საქართველოს“ პრემიერობის კანდიდატი კი ნინო ბურჯანაძეა.

nino-burjanadze_o_h.jpegნინო ბურჯანაძემ 1981 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

1991 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1991-1992 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი.

რაც შეეხება პოლიტიკურ კარიერას, 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, დღეს კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

პარტია „მოქალაქეების” პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.

levan-ioseliani_o_h.jpeg

ლევან იოსელიანმა დაამთავრა პირველი ექსპერიმენტული სკოლა, შემდეგ კი ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, მისი კურსელები იყვნენ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე დათო მათიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე.

პრემიერობის კანდიდატმა განათლება ასევე მიიღო აშშ-ში, კერძოდ კი ჩიკაგოში.

იოსელიანი მუშაობდა და კვლავ განაგრძობს მოღვაწეობას საადვოკატო საქმიანობაში.

2016-2017 წლებში ილინოისის შტატში, ჩიკაგოში, მონაწილეობდა სასამართლოს მედიაციის პროგრამაში , როგორც მედიატორი.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.

🔴 2000 ლარი ხელფასი მასწავლებლებს... უფასო კვება მოსწავლეებს... - როგორია 2020 წლის სასკოლო დაპირებები?

🔴 400 ლარი... მე-13 პენსია... - როგორია 2020 წლის საპენსიო დაპირებები?