მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: დავით სერგეენკოს ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება

კახა კალაძე სერგეენკოს წარდგენაზე

„ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარის - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სერგეენკოს წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში შეიცვალა დარგის ფილოსოფია, შეიცვალა მიდგომები და დამოკიდებულება, ჯანდაცვა პრივილეგიის ნაცვლად სახელმწიფოს პრიორიტეტი, საყოველთაო გახდა.

„წარსულს ჩაბარდა ის საშინელი დრო, როდესაც გადაუდებელი ჯანდაცვის სერვისებისთვის ადამიანებს სახლის გაყიდვა, უკანასკნელი თეთრის გაღება უხდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით, შრომით ჩავაბარეთ წარსულს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საბურთალოს რაიონის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, გაორმაგდა.

„ძალიან მარტივია, ავიღოთ სტატისტიკა და ციფრები, 2014 წელს საბურთალოს რაიონის ბიუჯეტი იყო 11 მილიონი, 2020 წელს ბიუჯეტი არის ორჯერ გაზრდილი - 22 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეგვიძლია, უფრო მეტი კარგის საქმის კეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ იქნება ზრდა და კიდევ მეტი პროექტი განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება.

„მინდა ყველას წარმატება და გამარჯვება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, ორ დღეში, ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და არ იფიქროს ვინმემ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი კანდიდატის, ჩვენი პარტიული გამარჯვება იქნება.

ეს არის ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, როგორ განვითარდეს ეს ქვეყანა, როგორ წავიდეს წინ, როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკა, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს, როგორ შევუწყოთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ხელი და გავუმაგროთ ზურგი, ამის რესურსი გააჩნია პოლიტიკურ გუნდს, პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

დარწმუნებული ვარ, 31-ში ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას. მინდა გამარჯვებები გისურვოთ, წარმატებები გისურვოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, -განაცხადა კახა კალაძემ.