მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდება“ - ვახტანგ ძაბირაძის შეფასება

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში პოლიტიკურ პროგნოზებს აკეთებს და ვარაუდობს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმრავლესობას მმართველი პარტია აიღებს.

პოლიტოლოგი ვარაუდს გამოთქვამს, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდება. ამავდროულად ძაბირაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არჩევნებზე სავარაუდოდ 40-45%-ს აიღებს.

„საკმაოდ რთული სათქმელია, მაგრამ გამომდინარე ყველაფრიდან ძალიან გაჭირდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოო ჯამში, პლუს მაჟორიტარებით, ვერ შეძლოს ხელისუფლების დაკომპლექტება. დიდი ალბათობაა იმისი, რომ „ქართული ოცნება“ ამას მოახერხებს. „ქართული ოცნება“ დაახლოებით 40-45%-მდე მაინც აიღებს ხმებს პროპორციულ არჩევნებში. მაჟორიტარებში ალბათ 20-25 მანდატი მაინც იქნება, რაც სრულიად საკმარისია, რომ 76 მანდატი მიიღოს.

ჩემი შეხედულებით ასეთი ვითარებაა. ოპოზიციამ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რომ რეალურად ჩამოყალიბებულიყო და თუნდაც ის, რომ დღეს საღამოს იკრიბებიან „ლეიბორისტებთან“ და რაღაც შეთანხმებას აწერენ ხელს, რომელიც უკვე ვეღარ იმუშავებს ისე როგორც მათ უნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებმა ჩაიარა“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ამიტომ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ დიდად არ დასჭირდება კოალიცია, ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება, თუ მას რამდენიმე მანდატი დასჭირდება ამ მანდატებს იშოვის ისედაც. ჩემი აზრით 4 პოლიტიკურ ჯგუფს აქვს შანსი იმისთვის, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. ესენია „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ - ესენი არიან 4%-იანი პარტიები.

შემდეგ ეტაპზე მოდის ჩემი ვარაუდით, უფრო დაბალი პროცენტით შემდეგი პარტიები. „გირჩი“, ალეკო ელისაშვილი და ნინო ბურჯანაძე. დაახლოებით ვვარაუდობ, რომ 10 პოლიტიკური პარტია უნდა შევიდეს პარლამენტში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება. ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.