მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებს მოუწოდებს არჩევნებზე არ მივიდნენ

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ. 

როგორც ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, პარტია ყველა მომხრესა და მხარდამჭერს მოუწოდებს, რომ 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე არ მივიდნენ და მონაწილეობა არ მიიღონ.

დეკანოიძის თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“, მეორე ტურში გადასული ყველა მაჟორიტარის სახელით გაკეთებული განცხადება.

დეკანოიძის თქმით, ეს არ არის არჩევნები, ეს არის კრიმინალური აქტი.

„ჩვენს ყველა მომხრეს მოვუწოდებთ არ მივიდნენ არჩევნებზე იმიტომ რომ მეორე ტურზე ბოიკოტს ვაცხადებთ. ჩვენ გესაუბრებით ახლა ჩვენი პარტიის, ჩვენი ბლოკის მეორე ტურში გადასული ყველა მაჟორიტარის სახელით.

ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ჩემს ამომრჩეველს ისანში. იმ არჩევნებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა წაართვა ადამიანებს, ჩამოართვა ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე დიდი, უზენაესი უფლება კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლება, არ მივიდნენ და თვითონაც გამოუცხადონ ბოიკოტი. ჩვენ არ ვიღებთ მეორე ტურებში მონაწილეობას.

ძვირფასო ამომრჩევლებო არ მიბრძანდეთ, არ მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არ არის არჩევნები, ეს არის ჩვეულებრივი მიტაცებული, კრიმინალური აქტი, რომელიც განახორციელა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ 21 ნოემბერს წერტილოვანი აქციები დაანონსა. მისივე თქმით, აქციებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვიც იქნება.

ინფორმაციისთვის, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.