მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახალხო დამცველის აპარატს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცეს

ციხე გლდანში

სახლხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში საარჩევნო უფლების განხორციელებისა და ზოგადი მდგომარეობის შესამოწმბლად მივიდნენ, თუმცა რამდენიმე მსჯავრდებულმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

ფაქტის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა განახორციელეს ad hoc ვიზიტი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან.

ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამ შემთხვევის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს იქვე მყოფ, არჩევნებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების ძირითად ნაწილთან გასაუბრება.

საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა, რაც ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია. პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის განსაკუთრებული უარყოფითი მოვლენაა ის, რომ გარკვეული მცირე რაოდენობის გავლენიანი პატიმრები - ე.წ. „მაყურებლები“ - უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს დაწესებულებაში სხვა პატიმრების დაშინებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით.

მოგახსენებთ, რომ ვიზიტის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ სცადეს არჩევნებში მონაწილე მსჯავრდებულებთან გასაუბრება მსჯავრდებულების საცხოვრებელი ტერიტორიისგან განცალკევებულ ადგილზე, სადაც მოწყობილი იყო საარჩევნო უბანი, მათ მიუახლოვდა ორი მსჯავრდებული და ხმამაღალი ტონით, სხვა მსჯავრდებულების გასაგონად უთხრეს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო და არაფერი შესამოწმებელი არ იყო.

შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვეს ვიზიტის შეწყვეტა. მცირე დროში მათ შემოუერთდა რამდენიმე მსჯავრდებული და მსჯავრდებულების მხრიდან დაძაბული საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მსჯავრდებულებისთვის არ მოუწოდებიათ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება.

სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რითიც კონსტიტუციურ ორგანოს მისი ძირითადი და ასევე, გაეროს სპეციალური მანდატით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ეზღუდება“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოებს აღნიშნული ინციდენტის შესწავლისკე მოუწოდებს.

👉 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ქუთაისის მერის არჩევნები მიმდინარეობს.

👉 დღეს ასევე იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.