მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკო: 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 56, 11% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ამომრჩევლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ მე-19 მაჟორიტარულ ოლქზე, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა.

ამასთან, ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ გარკვეულ უბნებში რიგში მყოფ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.

„საღამოს 8 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებში რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებლობა მიეცათ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისათვის დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე წინასწარი მონაცემებით 20:00 საათისათვის, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970 540 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56, 11%-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც აქტივობამ შეადგინა 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ ქვემო ქართლის რეგიონშია. დღეს ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შემოვიდა 3881 სატელეფონო ზარი და 574 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნების მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

შემოვიდა 289 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და სხვა“, - განაცხადა მიქელაძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 ვინ ლიდერობს „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით

👉 ეგზიტპოლების შედეგები „მთავარი არხის“ მიხედვით