მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს

ცესკოს თავმჯდომარე 2020

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც გამარჯვებული ოფიციალურად გამოცხადდება.

კენჭისყრის დაწყებამდე ცესკოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძემ სხდომა დატოვა.

მან ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მიმართა და განაცხადა, რომ შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერას არ აპირებდა.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არის გაყალბებული. ეს არჩევნები ჩატარდა მოსყიდვით, ძალადობით, შანტაჟით, უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ. დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან თქვენ ამ სიყალბით სავსე ოქმს ხელს მაინც მოაწერთ.

შემდგომში ალბათ ქართული ოცნების შტაბში დარეკავთ და ეტყვით, რომ ოქმს ხელი მოვაწერე და კრება დარჩა მხიარული. შევეცდები კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დაფიქრდეთ, არა იმაზე, ამ ოქმზე ხელმოწერით რა სარგებლობას მოუტანთ თქვენს თავს, არამედ იმაზე, რამხელა ზიანს მიაყენებთ ქვეყანასა და მოსახლეობას. ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ“, - აღნიშნა დავით კირთაძემ სხდომის დატოვებამდე.

დღის წესრიგისთვის კენჭისყრის დაწყებამდე სხდომაზე სიტყვა ითხოვა ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ დავით გურგენიძემ. მან სხდომაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შუალედური დასკვნებიდან ციტატები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, ყველა ორგანიზაციას არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეაქვს.

„ყველა საერთაშორისო მისიამ არჩევნების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ათწლეულების განმავლობაში ეს ორგანიზაცია მუშაობდა იმისთვის, რომ მოქალაქეების ნდობა მოეპოვებინა და ერთ დღეში თქვენ მოახერხეთ, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაყარეთ“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.