მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციონისტი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

აცრა, ვაქცინაცია

სოციალურ ქსელებში, და არამხოლოდ ამ სივრცეში, კოვიდპანდემიამდე და პანდემიის დროსაც ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გვესმის ვაქცინის წინააღმდეგ. ბევრი არაკვალიფიციური ადამიანისგან გაგვიგია მოსაზრება, რომ აცრასა და აუტიზმს შორის კავშირია, ასევე გვსმენია, რომ ორსულების აცრა არასასურველია და ასე შემდეგ. როგორც ცნობილია, ყველა განვითარებულ ქვეყანას ვაქცინაციის საკუთარი კალენდარი აქვს, ჩვენს ქვეყანაში კი აცრების ეროვნული კალენდარი 12 ვაქცინას მოიცავს.

რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ჩვილობის პერიოდში აცრა და რა მითებია გავრცელებული ვაქცინაციასთან დაკავშირებით? ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს ვაქცინაციის ყველა დეტალზე ინტერვიუში ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი უყვება.

რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ვაქცინებთან დაკავშირებით ?

- უკიდურესად აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა. აგრეთბე, ამაში სხვადასხვა პროფილის ექიმები უნდა იღებდნენ მონაწილეობას. არავინ არ უნდა დაიზაროს პაციენტებთან გასაუბრება ვაქცინებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ექიმი თუ შეატყობს პაციენტს, რომ არასწორი შეხედულებები აქვს და მითებს არის აყოლილი, რადგან ვაქცინა ის მონაპოვარია, რომელმაც ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ინფექციური დაავადებების სერიოზულ დამარცხებაში.

საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი, კოვიდის პანდემიის დროს არაერთგვაროვანი მოსაზრებები გვესმის, აგრეთვე, ხშირად გვსმენია მოსაზრება, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს და ასე შემდეგ. რამდენად რეალური და შესაძლებელია, ვაქცინამ აუტიზმი გამოიწვიო ?

- ვაქცინებთან დაკავშირებით ბევრი მითი არსებობს, აუტიზმის თემა წამოსულია ერთი კონკრეტული კვლევიდან, ეს 2000-იანი წლების დასაწყისში იყო. როგორც აღმოჩნდა, გაყალბებული იყო ვითომ კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმს, შემდგომ ასობით ახალი კვლევა ჩატარდა და არცერთმა არ დაადასტურა, რომ ვაქცინას რაიმე კავშირი აქვს აუტიზმთან. კვლევის ავტორი გამოვლინდა და შესაბამისად დაისაჯა. ჟურნალმაც ამოიღო ეს სტატია. „ლანცეტზეა“ საუბარი. ერთმა უპასუხისმგებლო სტატიამ იმდენად გაჟონა და ადამიანებმა იმდენად მალე გაიგეს ამის შესახებ, რომ დღემდე ამას იმეორებენ.

აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები. ესეც გავრცელებული მოსაზრებების ნაწილია თუ არის მცირე ჭეშმარიტების მარცვალი მასში?

- მინიმალური გვერდითი მოვლენები ვაქცინებს შეიძლება ჰქონდეთ. მაგალითად, ჩვილ ბავშვებში, გეგმური აცრის შემდეგ ტემპერატურის მომატება, ადგილობრივად შეწითლება, მაგრამ ეს შედარებადი არ არის იმასთან, რასაც ვაქცინა იცავს. იმიტომ რომ სასწორის მეორე მხარეს სასიკვდილო ინფექციური დაავადებებია. უმრავლეს ვაქცინებს და ადამიანებს აცრის შემდეგ არავითარი გვერდითი მოვლენა არ აქვთ. კიდევ ვიმეორებ, ცალკეული ერთეული შემთხვევები არსებობს, მაგრამ ამის გამო ვაქცინაზე უარის თქმა კატეგორიულად მიუღებელია.

ვაქცინაცია და ორსულობა. რამდენად სწორია გავრცელებული აზრი, რომ „ორსულად ვარ და აცრას არ გავიკეთებ“

- მთელი რიგი ვაქცინები არსებობს, რომლებიც ორსულებში არ არის უკუნაჩვენები. მაგალითად, გრიპის ვაქცინა. პირიქით, ორსულმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაიკეთოს, რადგან გრიპი ორსულებში იძლევა ყველაზე საშიშ გართულებას. თუმცა არსებობს, ისეთი ვაქცინებიც, რის გაკეთებისგანაც თავს ვიკავებთ. ამიტომ ყველა კონკრეტულ ვაქცინაზე ორსულმა კონსულტაცია უნდა გაიაროს. წითელა, წითურა, ყბაყურას ვაქცინის გაკეთებისგან თავს ვიკავებთ.

ვაქცინაციისთვის რა პერიოდია ყველაზე ეფექტიანი?

- სეზონთან კავშირი ვაქცინას არ აქვს. გრიპის ვაქცინაზე თუ ვილაპარაკებთ, ყოველწლიურად კეთდება და გრიპის ვაქცინას კონკრეტული ვადები აქვს ანუ სანამ გრიპის სეზონი დაიწყება. ეს არის ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი. დანარჩენ ვაქცინებს სეზონურობა არ აქვთ.

რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა აცრამ?

- დავიწყოთ იმით, რომ არასწორი რეჟიმით აცრამ შეიძლება შედეგი ვერ დადოს. ანუ ეს რას ნიშნავს? გრაფიკი, რომ იყოს დარღვეული. მაგალითად, კონკრეტულად, რომელიმე ვაქცინას თუ აქვს რამდენიმე განმეორებითი დოზა, მაგალითად ბავშვთა ასაკში როგორც ვიცით სპეციფიური კალენდრით უკეთდებათ დადგენილ ვადებში აცრები, თუ ამ ვადას სისტემატიურად არღვევს მშობელი და შემდგომი დოზა დაგვიანებით კეთდება, შეიძლება წინამორბედი ვაქცინის ეფექტი დაკარგული იყოს. ამიტომ გრაფიკს დიდი მნიშვნელობა აქვს და ექიმი როგორც ეუბნება პაციენტს იმ გრაფიკს უნდა მიყვეს პაციენტი, რომ ვაქცინა ეფექტური იყოს.

თუკი უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე, რა რისკების წინაშე დავდგებით?

- ვაქცინებზე უარის თქმა ნიშნავს იმ ინფექციური დაავადებების რისკის ქვეშ ყოფნას, რომლებმაც შეიძლება სერიოზული გართულებები და სიკვდილობის რისკიც კი შექმნას. მაგალითად B ჰეპატიტი. B ჰეპატიტის ვაქცინაზე უარის თქმა ნიშნავს ძალიან მაღალ რისკს ჰეპატიტის, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დაავადება საქართველოში. B ჰეპატიტი კი შეიძლება გართულდეს ღვიძლის ციროზით და კიბოთი. B ჰეპატიტის ვაქცინა არის ვაქცინა სიმსივნის წინააღმდეგ.

რაც შეეხება პაპილომა ვირუსს?

- ამჟამად პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია უტარდებათ გოგოებს და სამწუხაროდ, როგორც ყველა ახალ ვაქცინაზე ამაზეც გარკვეული რეზისტენტობა შეინიშნება მშობლების მხრიდან. პაპილომას ვაქცინა არის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ. მასზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ჩვენს შვილს მომავალში დავაყენებთ დიდი რისკის წინაშე. ეს ვაქცინა 12-13 წლის გოგონებს უკეთდებათ.

და ბოლოს, რა ეტაპზეა თანამედროვე მედიცინა აივ-საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის მიმართულებით? თუ არის პროგრესი?

- აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მედიცინა მუშაობს იმ დღიდან რაც აღმოჩნდა ეს ვირუსი, მაგრამ მიუხედავად უდიდესი დანახარჯისა და ადამიანური რესურსების ჩართვისა, დღემდე ეფექტური ვაქცინა აივის წინააღმდეგ არ არსებობს. თუმცა ბევრი ვაქცინა, კვლავ გამოცდის ფაზაშია და ისევ არსებობს იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს შეიქმნება ან პროფილაქტიკური ან სამკურნალო ვაქცინა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში პირველი ვაქცინაცია ედუარდ ჯენერის სახელს უკავშირდება. მან 1796 წელს 8 წლის ბიჭს ძროხის ყვავილით გამოწვეული დაზიანებული კერიდან მიღებული მასალა შეუყვანა. იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში.

ვაქცინა ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ადამიანებისა და ცხოველების აქტიური იმუნიზაციისათვის დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის პროცესს ვაქცინაციას ეწოდება. სასურველი შედეგის მისაღებად ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი იმუნიზაცია არ არის საკმარისი და საჭიროა განმეორებითი ვაქცინაცია ანუ რევაქცინაცია.