მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა არეშიძე: სომხეთს პრაქტიკულად რესურსი ამოწურული აქვს

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე

კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ორი მეზობელი ქვეყნის სომხეთ-აზერბაიჯანისა და მიმდინარე პროცესებში რუსეთის ფედერაციის შესაძლო ჩართულობის შესახებ საუბრობს.

სამხედრო დაპირისპირების ფონზე ორ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც მძიმდება. მზარდია კოვიდინფიცირების ზრდის დინამიკა.

სომხეთი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების პარალელურად რამდენად გაუმკლავდება არსებულ სიტუაციას? PIA.GE-ს ამ კითხვაზე კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ სომხეთს პრაქტიკულად ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი.

მამუკა არეშიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი გაცილებით ძლიერი სახელმწიფოა, არც მათ აქვთ სახარბიელო მდგომარეობა.

ექსპერტი აცხადებს, რომ ვითარება უაღრესად კრიტიკულია და რეგიონისთვისაც მძიმე ვითარება იქნება ცუდად დამთავრების შემთხვევაში.

„დღეს პრაქტიკულად სომხეთს რესურსი ამოწურული აქვს როგორც მატერიალურ-ტექნიკური ისე ფინანსური. პლუს ამას დაერთო სამედიცინო რესურსიც. ერთადერთი რაც ახლა სომხეთს აქვს, ეს არის ფსიქოლოგიური რესურსი. ახლა არიან ფსიქოლოგიური რესურსის ხარჯზე.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის მდგომარეობაც არ არის სახარბიელო - როგორც ჩანს აზერბაიჯანულ პრესაში. ისინიც საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ბევრად ძლიერი სახელმწიფოა ვიდრე სომხეთი, მათი რესურსიც არასახარბიელო მდგომარეობაშია. საერთოდ უნდა ითქვას, რომ იმ ტერიტორიების დაკავებას, რომელიც დაიკავა აზერბაიჯანულმა არმიამ მოხმარდა 5-ჯერ მეტი რესურსი, ვიდრე იყო საჭირო.

ასე რომ ვითარება უაღრესად კრიტიკულია და ეს კრიტიკული ვითარება როგორ დამთავრდება რთული სათქმელია. ცუდად დამთავრების შემთხვევაში რეგიონისთვის იქნება კატასტროფა“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

mtiani-karabaghi_o_h.jpeg

მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს რომ რუსეთის ფედერაცია სომხეთს და სომხურ არმიას ეხმარება.

მისივე თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თურქეთმა არ გაიმარჯვოს.

„არ მაქვს ამის ინფორმაცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჯიბრი რაც ჰქონდა რუსეთის ხელმძღვანელობას ფაშინიანის მიმართ, მეორე პლანზე გადაინაცვლა და ახლა მოსკოვი ხედავს, რომ მისი მოწინააღმდეგე თურქეთი რეგიონში აღწევს წარმატებას. აქედან გამომდინარე ალბათ გარკვეული დახმარება სომხეთის არმიას და სომხეთს მისდის. მითუმეტეს არის ირიბი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სომხებმა დაიწყეს გამოყენება ზოგიერთი ტექნიკური საშუალებებისა, რომელიც რუსეთის საკუთრებაა.

არ მგონია რუსეთის ფედერაციამ საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ სომხეთი დამარცხდეს ამ ომში. რუსეთი დაუშვებს მხოლოდ შემდეგ ფორმულას. აზერბაიჯანმა მიაღწიოს წარმატებას, დაიბრუნოს 5-ვე რაიონი ყარაბაღის გარშემო, ეს ჩანდა კიდეც ლავროვის ბოლო გამოსვლაში. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თურქეთმა არ გაიმარჯვოს. ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. წარმატება ერთია და გამარჯვება მეორე. წარმატებას აზერბაიჯანმა შეიძლება მიაღწიოს, მაგრამ თურქეთის გამარჯვებას რუსეთი არ დაუშვებს. არ მგონია“, - განაცხადა არეშიძემ.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, არეშიძე მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოება პასიურ მდგომარეობაშია. მისივე განცხადებით, საზოგადოება დღეს ბევრად უფრო კონსოლიდირებული უნდა იყოს.

„საქართველოს საზოგადოების ასე პასიურად ყოფნა არ შეიძლება როგორც არის დღეს. არ ვლაპარაკობ ხელისუფლების პოზიციაზე, ხელისუფლებამ თავისი პოზიცია უკვე გამოთქვა, მხარეებს მოლაპარაკებები შესთავაზა. კარგი იქნება ასეთი ტიპის ინიციატივები თუ გაგრძელდება ხელისუფლების მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ ამ რეგიონში ვცხოვრობთ და თუ კატასტროფა მოხდა, ეს რეგიონის კატასტროფა იქნება მთლიანად.

omi---jariskatsebi_o_h.jpeg

ხელისუფლებას ამის მეტი უფლება და საშუალება არ აქვს. ახლა საზოგადოებაზეა საქმე, საზოგადოება ბევრად უფრო კონსილიდირებული უნდა იყოს. თავი უნდა დავანებოთ იმაზე ლაპარაკს, რომ აზერბაიჯანელები დავით გარეჯს გვართმევენ, ბაგრამიანის ბატალიონი ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა და ა.შ. როდესაც გეოპოლიტიკურ თემაზეა ლაპარაკი და რეგიონის ხვალინდელ დღეს ეხება, ეს არ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რაც ახლა აღვნიშნე. დანაშაულები ძალიან ცუდია, ეს ისტორიის ნაწილია, რასაკვირველია სამართლიანად ახსოვს ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ვფიქრობ მთავარი მაინც ის არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ კონსოლიდირებულად უნდა ამოიღოს ხმა ომის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონში ხდება და იმ სავარაუდო კატასტროფის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონის წინაშე დგას“, - დასძინა მამუკა არეშიძემ.

⭕ ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

⭕ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 555 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

⭕ 10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.