მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა ზაქარეიშვილი: ბაიდენის გამარჯვება მირჩევნია, იმიტომ რომ რუსეთთან უფრო მკაცრი იქნება

კონფლიქტოლოგი

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვინ გაიმარჯვებს.

ექსპერტი დემოკრატებისა და ბაიდენის გამარჯვების მომხრეა, რადგან მიიჩნევს, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის მიმართ ბევრად უფრო მკაცრი იქნება ვიდრე დონალდ ტრამპი.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი კრემლის ლიდერის, პუტინის მიმართ ლოიალურია.

ამასთან, ზაქარეიშვილის შეფასებით, დონალდ ტრამპის პოლიტიკა იმპულსურია. მისივე პროგნოზით, ბაიდენს მეტად „დაწყობილი“ პოლიტიკა ექნება.

„ცხადია, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვინ გაიმარჯვებს. გულახდილად, რომ გითხრათ, ყოველთვის დემოკრატების გამარჯვების მომხრე ვარ. სიტუაცია ისე ჩანს, რომ ტრამპი გაიმარჯვებს.

თუმცა, ბაიდენის გამარჯვება მირჩევნია, იმიტომ რომ რუსეთთან უფრო მკაცრი იქნება. უფრო დაწყობილი პოლიტიკა ექნება, ტრამპს უფრო იმპულსური პოლიტიკა აქვს. ტრამპი პუტინთან უფრო ლოიალურია. ტრამპი უფრო რეალური პოლიტიკის მომხრეა, ღირებულებები ნაკლებად აინტერესებს. მისთვის ამერიკაა მთავარი და მიაჩნია, რომ რაც ამერიკისაა, ამერიკის უნდა იყოს და რაც რუსეთისაა, რუსეთის. ანუ „ნუ ჩაერევით ჩემს ვენესუელაში, ნუ ჩაერევით ჩემს კუბაში, მე არ ჩავერევი შენს კავკასიაში“, დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვს.

მონროს დოქტრინის ვარიანტია, რომელიც ამერიკელებში დიდი ხანია მოდის და რუზველტმა დაანგრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუზველტმა დაიწყო ღირებულებითი პოლიტიკის გავრცელება მსოფლიოში. ახლა დონალდ ტრამპმა გააჩერა პირველად 45 წლის შემდეგ. ამ ფონზე ამერიკელებს მოსწონთ ტრამპის ასეთი შემართება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კონგრესსა და სენატს ერთი პოლიტიკა ექნებათ.

„ეს იქნება მკაცრი, პრინციპული საქართველოს მიმართ, მაგრამ სამართლიანი. ჩვენგან მოითხოვენ ცალსახად დემოკრატიას და დაგვიცავენ რუსეთისგან. ტრამპი ახლა არ გვიცავს, ახლა გვიცავს კონგრესი და სენატი. ტრამპს საქართველო იმდენად არ ადარდებს, რომ ამის გამო კონგრესს დაუპირისპირდეს.

თუ დემოკრატები მოვლენ, მაშინ ღირებულებითი პოზიცია იქნება, ანუ მას კავკასია გეოპოლიტიკურად კი არ დააინტერესებს, საქართველო დააინტერესებს ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, სასამართლოს დამოუკიდებლობით, და ასე შემდეგ. დემოკრატები საქართველოში ეძებენ ღირებულებებს და ტრამპი ეძებს გეოპოლიტიკას“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. შტატებში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა.

🔴ამომრჩეველს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

🔴აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

🔴არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, არჩეული კანდიდატი ფიცს 20 იანვარს დებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ში საარჩევნო უბნები გაიხსნა, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

👉ბაიდენი: ტრამპი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში პირადად უნდა ჩაერთოს