მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დემურ გიორხელიძე: 2021 წელი რთული იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, არავითარი ტურისტი არ გვეყოლება

ექსპერტი ეკონომიკის საკითხზებში

28 ნოემბრიდან საქართველოში ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება, მათ შორის ბიზნესის კუთხით. ამასთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო Pia.ge  ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

- რამდენად დიდი ეკონომიკური გავლენა ექნება შეზღუდვებს, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება?

- ამ ეტაპზე ეკონომიკის საკითხი არ დგას, რაც იქნება, იქნება. ახლა მთავარია, როგორმე ადამიანები გადარჩნენ და კიდევ რაღაც უბედურება არ მოხდეს. ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა რომ ექნება, ეს ცხადია. ეს მსოფლიოს პრობლემაა, მეტ-ნაკლებად ყველა თანაბარ მდგომარეობაშია.

საქართველოსთვის საუკეთესო იქნება თუ მინიმალური დანაკარგით გავივლით ამ წელს. 2021 წელი ნამდვილად რთული იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. არ ჩანს პერსპექტივა, რაც ამ სუსტ ეკონომიკაში შეიძლება უზრუნველყოფს მდგრადობას.

ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს და წელს არ გააკეთა ხელისუფლებამ, მომავალი წლის გაზაფხულზე იქნებ მაქსიმალურად იქნას ის არსებული რესურსები ათვისებული, რომ პრობლემის შემთხვევაში პირველადი სასიცოცხლო პროდუქციით მოსახლეობის დაკმაყოფილება შევძლოთ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, თუ მოხდა გართულება და ჩაიკეტა რეგიონები, იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყანა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება.

„ათეული წლების შეცდომაა, რომ ჩვენი ეკონომიკა ტურიზმზე დავკიდეთ. 2008-2009 წლის გამოცდილება კი იყო, რომ გიგანტი ტურისტული ქვეყნები გაკოტრებამდე მივიდნენ და ჩვენ არაფერი ვისწავლეთ.

არავითარი ტურისტი 2021 წელს არ იქნება ქვეყანაში და საეჭვოა, რომ 2022 წელს მაინც იყოს. ამიტომ მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურიზმზეა მიბმული, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

- ვახსენეთ რესურსები, რომლებიც არ არის გამოყენებული, კონკრეტულად რას გულისხმობ?

- კონკრეტულად ათასობით ჰექტარი დაუხნავი დარჩა. საქართველოს ძალიან კარგი პოტენციალი აქვს, მაღალი ხარისხის სამეურნეო პროდუქციის წარმოების.

სოფლის მეურნეობა სტრატეგიული დარგია იმიტომ, რომ კრიზისების შემთხვევაში შენ გაძლევს იმ აუცილებელი პროდუქციის მარაგების შექმნის საშუალებას, რომელიც სასიცოცხლო დანიშნულების კვების პროდუქტებია.

ამ გამოთაყვანებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგად სოფლის მეურნეობა და წარმოება საქართველოში გადმონაშთი ჰგონიათ საბჭოთა კავშირიდან. იდეოლოგიურმა სიბრიყვემ 30 წელია პრობლემები გააჩინა.

ნიდერლანდები სუპერ განვითარებული ქვეყანაა და 100 მლნ ევრო აქვთ სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი. საქართველოს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ნიდერლანდებს აგრარული წარმოების მიმართულებით, მაგრამ არაფერს არ იყენებს. ეს იმ უაზრო შეხედულებების ბრალია, რომელიც ათწლეულები დომინირებდა და სიბრიყვის მეტი არაფერი არ მოუტანია.

- რესურსების ნაწილი მაინც რომ ყოფილიყო ათვისებული, 2021 წლის კრიზისი შემსუბუქდებოდა?

- შემსუბუქება ის იქნებოდა, რომ კვების პროდუქტის მარაგი გვექნებოდა, მოსახლეობა დასაქმდებოდა და საქმიანობის იმ სფეროში იქნებოდნენ, რომლის რესურსიც გაგვაჩნია და ის არცერთ ქვეყანას არ ჩამოუვარდება.

აღარ შემოვიტანდით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას სხვადასხვა ქვეყნიდან და არ ვიქნებოდით დამოკიდებული უცხო ქვეყნის მდგომარეობაზე. რომ ჩაიკეტოს ქვეყნები პანდემიის გამო, გასაგებია რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდებით.

📌 ცნობისთვის, 26 ნოემბერს გახდა ცნობილი თუ რა შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

📌 საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ვრცლად ყველა დაწესებული შეზღუდვა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ორთვიანი შეზღუდვები

👉 რას არ შეეხება შეზღუდვები?