ინტერვიუ

ჰიბრიდული ომის ესკალაციის ახალი რისკები - ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან

კონფლიქტოლოგის კომენტარი
აფხაზეთისა და ოსეთის
კონფლიქტზე
1628182337
დაკოპირებულია

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ჰიბრიდული ომის ესკალაციის ახალ რისკებზე საუბრობს.

- ბატონო მამუკა ცნობილია, რომ რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, და პირველ რიგში, პრეზიდენტი პუტინი, განიხილავენ საბჭოთა კავშირის დაშლას, როგორც მე-20 საუკუნის უმთავრეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას და ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შეაბრუნონ ისტორიის ბორბალი და რაიმე ფორმით აღადგინონ დაშლილი იმპერია. რა მეთოდოლოგიას მიმართავს რუსეთი თავისი მიზნის მისაღწევად და რამდენად დაიხვეწა კრემლის მიერ წარმოებული ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ომი?

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ერთგვარი „მსოფლიო წესრიგი“, რომლის მთავარი აქტორები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი და რომელიც ეფუძნებოდა ბირთვულ შეიარაღებასა და იდეოლოგიურ ფაქტორს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთმანეთს უპირისპირდებოდა კაპიტალისტური და სოციალისტური იდეოლოგია. ამ ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ეკონომიკურ შემადგენელს. სწორედ ეკონომიკურმა სიძლიერემ განაპირობა საბოლოო ჯამში დასავლეთის გამარჯვება და საბჭოთა კავშირის დაშლა 90-იანების დასაწყისში. იმ პერიოდის დაპირისპირებისას ჩამოყალიბდა ჰიბრიდული ომის პრინციპები, რომელიც არაერთხელ იქნა გამოყენებული მხარეების მიერ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. ეს მოხდა 60-იანებში ვიეტნამის ომისას და ბევრად უფრო ეფექტურად 80-იანებში ავღანეთის ომის დროს.

მოდი განვმარტოთ რა არის ჰიბრიდული ომი - რადგან არსებობს ბირთვული იარაღი და აქედან გამომდინარე იმის პერსპექტივა, რომ ამ იარაღის გამოყენების შემთხვევაში საპასუხო დარტყმას მიიღებ, ამიტომ საჭირო გახდა ისეთი მეთოდოლოგიის შექმნა, რომელიც მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად დაასუსტებდა, მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს შეამცირებდა. ჰიბრიდული ომის პრინციპები იყო შემდეგი: მოწინააღმდეგის ბანაკის დასუსტება და დაქსაქსვა იდეოლოგიური, რელიგიური და ეკონომიკური ფაქტორების გამოყენებით, პარალელურად კი ლოკალური ომების წარმოება. ყველაფერ ამას სჭირდებოდა დიდძალი ფული. ფინანსური სახსრების მეშვეობით მოწინააღმდეგის ბანაკში იქმნებოდა ე.წ. გავლენის აგენტურა, რომელიც დასახული მიზნების რეალიზაციას უწყობდა ხელს. გავლენის აგენტურული ჯგუფები შეიძლება შექმნილიყო არამხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეთა შორის, არამედ სახელმწიფოს ხელმძღვანელობაშიც. გასული საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთმა ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით საბჭოთა კავშირის ხელისუფლების პარალიზება მოახდინა. განსაკუთრებით საინტერესოა ავღანეთის ომის პერიპეტიები, როდესაც ზ. ბჟეზინსკის იდეის რეალიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რელიგიური ფაქტორის გამოყენებას გულისხმობდა, უაღრესად ეფექტურად იმუშავა და, რაც მთავარია, დღემდე მუშაობს.

90-იანი წლების ბოლოს რუსეთის სათავეში მოსულმა კგბ-ს ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს, კარგად შეისწავლა ჰიბრიდული ომის პრინციპები და დაიწყო იგივე მეთოდით დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლა. სწორედ რუსეთის სპეც სამსახურების ანალიტიკური ცენტრების მიერ შექმნილი ნარატივით გამდიდრდა ჰიბრიდული ომის მეთოდოლოგია, იგულისხმება ენერგეტიკული ფაქტორი. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, დასავლური ალიანსის ნაწილს, ევროპას, აქვს ძლიერი ეკონომიკური რესურსი, მაგრამ მწირი ენერგეტიკული შესაძლებლობები. სწორედ ამ ფაქტორის გამოყენება გადაწყვიტა რუსეთმა.

აშშ-სა და ჩინეთის ძლიერი ეკონომიკური პოტენციალის ფონზე, ეკონომიკურად სუსტი რუსეთის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პოტენციური კონფლიქტების გამწვავება, საერთო დაძაბულობის შექმნა, დასავლეთის ქვეყნებს შორის უთანხმოების ჩამოგდება. ამ მიზნის მისაღწევად ის იყენებს შემდეგ მეთოდოლოგიას - მედია საშუალებების, „მოლაპარაკე თავების“, გავლენიანი პოლიტიკური ლიდერების მოსყიდვა, სხვადასხვა ტიპის შანტაჟი - მაგალითად, სამხედრო შეტევა დასავლეთის მოკავშირეზე, ენერგეტიკული შანტაჟი და ა.შ.

დღეს უკვე ჩანს, რომ რუსეთმა ჰიბრიდული ომის პრინციპების გამოყენებით, მოახერხა დასავლეთის აქტიური წინააღმდეგობის განეიტრალება რუსეთისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, იგულისხმება უკრაინა, რომელზედაც ხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა ევროპელი „მომრიგებლების“ (პირველ რიგში მაკრონის და მერკელის) მეშვეობით, რათა მიაღებინონ დონბასი/ლუგანსკის კონფლიქტის „დარეგულირების“ უკრაინისათვის აბსოლუტურად მიუღებელი სქემა. „ძველი ევროპისთვის“ იმდენად მნიშვნელოვანია „ჩრდილოეთ ნაკადი -2“ პროექტის ამუშავება, რომ მზად არიან კომპრომისზე წავიდნენ. ისე ჩანს, რომ არც ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს აქტიურად დაცვას უკრაინის ინტერესები (წინააღმდეგობის გამწევ ერთადერთ ძალად რჩება ე.წ. „Deep State“-ის წარმომადგენელი პოლიტიკური ძალა - რესპუბლიკელების დიდი ნაწილი და დემოკრატიული პარტიის მნიშვნელოვანი ძალებიც, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებენ ბაიდენს მისი პოზიციის გამო)...

- დასავლეთის ასეთი ორჭოფული პოზიციის კონტექსტში, რუსეთის რა ნაბიჯებს უნდა ველოდით უკრაინის წინააღმდეგ?

- როგორც ჩანს, რუსეთი ემზადება აქტიური ქმედებებისათვის უკრაინის მიმართულებით (ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით კრიტიკულად მეჩვენება ა/წ შემოდგომის დასაწყისი), რაც გულისხმობს ჰიბრიდული ომის არსენალიდან ყველა შესაძლო იარაღის გამოყენებას: ლოკალური ან მსხვილმასშტაბიანი საომარი ქმედებები, ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟი, მეხუთე კოლონის აქტივიზაცია, დეზინფორმაცია, დივერსიები და ყველანაირი ზემოქმედება, რაც ქვეყანაში ქაოსის და უმართავი პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს. უკრაინა არის რუსეთის გეოპოლიტიკური აქტივობის განსაკუთრებული მიმართულება და ძირითად ბრძოლას აქ უნდა ველოდოთ (თუ არ გავითვალისწინებთ ავღანეთიდან ამერიკელების გამოსვლით შექმნილ ახალ გამოწვევებს რუსეთისათვის). მაგრამ, იმპერიის ძველი საზღვრების აღდგენის კრემლისეულ პროგრამაში, არც საქართველო არის დავიწყებული და აქაც უნდა ველოდოთ ჰიბრიდული ომისათვის დამახასიათებელი დესტრუქციული პროცესების გააქტიურებას. ჩვენთვის, ცხადია, ინტერესს სწორედ ამ რისკების ანალიზი და დღევანდელი პროცესების ამ კონტექსტში შეფასება წარმოადგენს.

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ საქართველოში ბოლო 9 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია?

- რომ არა ზემოთ ხსენებული კონტექსტი, შეიძლებოდა ზოგიერთი სხვა მეზობლის ზრახვებშიც შეგვეტანა ეჭვი. ჩვენ უნდა განვასხვაოთ ცნებები „ჰიბრიდული ომი“ და „რბილი ძალა“. „რბილი ძალა“ „ჰიბრიდული ომის“ კომპონენტია და გულისხმობს სამხედრო აქტივობის გარეშე, ზემოთ ხსენებული მეთოდოლოგიის გამოყენებით პოლიტიკური შედეგის მიღწევას. „რბილის ძალის“ გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე ჩვენი მეზობელი განსაკუთრებით აქტიურობს და სწორედ ამიტომ შეგვექმნა ე.წ. „პოლიტიკური ისლამის“ პრობლემა. „ჰიბრიდულ ომს“ კი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ სამხედრო ძალის გამოყენებას გულისხმობს, ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს რუსეთი.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, შემიძლია ასეთი პასუხი გაგცეთ - თუ დროებით გვერდზე გადავდებთ ქართული პოლიტელიტის და საზოგადოების პასუხისმგებლობას და პარალელს გავავლებთ რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მოქმედების წესთან, მაშინ შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ კრემლის კვალი საქართველოში მიმდინარე პროცესებში აშკარად ჩანს. დღეს რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ატარებს სისტემური ქაოსის ნიშნებს. ჩანს, რომ ეს პროცესები მართულია და თან ისეთი ძალის მიერ, რომელსაც აქვს ტრადიციულად ძლიერი გავლენები ჩვენს ქვეყანაში, სოციუმის სხვადასხვა ფენაში, პოლიტიკურ ელიტებში, ასეთი კი პირველ რიგში კრემლია. ამ კონტექსტში უნდა იქნას დანახული: უცხოელებზე თავდასხმის გახშირებული შემთხვევები; ჟურნალისტების დარბევა; ევროკავშირის დროშის დახევა; ყველანაირი საპროტესტო პოტენციალის აქტივაცია (ანტიჰესების კამპანიით დაწყებული და ლგბტ აქტივისტების პროვოკაციული აქციებითა და მათი „მოწინააღმდეგე“ ჯგუფების ძალადობით დამთავრებული). ჩვენ შეგვიძლია დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაზე გამიზნული ეს პროცესები, ისევე როგორც ეთნიკური კონფლიქტები, დიდწილად მართულია რუსეთის მიერ.

- როგორ ფიქრობთ რამდენად აცნობიერებს ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ საფრთხეებს და საერთოდ რა როლს თამაშობს ამ აქტუალური გამოწვევების აღმოფხვრაში პოლიტიკური ელიტა, ეკლესია, მედია, არასამთავრობო სექტორი, და საზოგადოება მთლიანად! ვინ მოქმედებს ამ ანტი სახელმწიფოებრივი გეგმის რეალიზაციისთვის ადგილზე და ვინ არ ან ვერ მოქმედებს საკმარისად ეფექტურად საფრთხეების გასანეიტრალებლად?

- ვიცით, რა ჰიბრიდული ომის წარმოების ზოგადი პრინციპები, კრემლის მოქმედების მეთოდოლოგია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის საქართველოშიც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სპეც სამსახურებს კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, იციან მათი სუსტი და ძლიერი მხარეები, ანგარიშს უწევენ საზოგადოების მენტალიტეტს (დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით) და ქმნიან მოქმედების შესაბამის მოდელს. ისინი ამ მოდელის რეალიზაციას ახდენენ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში არსებული გავლენის აგენტურის მეშვეობით. რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ კარგად დამუშავებული მეთოდები არა მხოლოდ პირდაპირი აგენტების, არამედ მათ ინტერესებში მოქმედი მართვადი ინდივიდების და ჯგუფების (ე.წ. „სასარგებლო იდიოტების“) გამოყენებისა.

„ჰიბრიდულ ომში“, კონკრეტულ ქვეყანაში გამოიყენება არა მხოლოდ ადგილობრივი (პირდაპირი აგენტების თუ „სასარგებლო იდიოტების“), არამედ საერთაშორისო რესურსებიც. ჩვენს შემთხვევაში ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ - ლგბტ თემის ინტერესების ვითომდამცველი ორგანიზაციების აქტივობა დაფინანსებულია ფსევდოლიბერალური ევროპული ფონდების მიერ (რომელთა დაფინანსებაშიც, თავის მხრივ, დიდი წვლილი შეაქვს რუსეთს), ქაოსის შექმნაში გამოყენებულია ასევე რეაქციული ადგილობრივი ძალები (ფსევდოპატრიოტული დაჯგუფებები).

რაც შეეხება საფრთხეების განეიტრალებას - გარეგნულად ჩანს, რომ სახელმწიფო ვერ მართავს ამ პროცესებს ეფექტურად და საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ამის მიზეზი არა მხოლოდ ფუნქციონალური არაეფექტურობაა, არამედ სამთავრობო აპარატში ჩანერგილი აგენტების მიზანდასახული აქტივობაა. საერთოდ ხალხს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ მთელ ამ ქაოსს მართავენ მთავრობაში, ოპოზიციურ სპექტრში და არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩანერგილი აგენტები, მე დავამატებდი, რომ უცხო ქვეყნის სპეც სამსახურების მიერ ეფექტურად ხდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილის ინფანტილურობისა და ეგოისტური დაქსაქსულობის, სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე შეთანხმების უნარის არ ქონის გამოყენება.

ზემოთ ვახსენეთ ენერგეტიკა, როგორც რუსეთის გავლენის გაძლიერების ფაქტორი. გავიხსენოთ პოლონეთში, უკრაინაში, აშშ-ში, საქართველოში - რუსეთისათვის არასასურველი ენერგოპროექტების წინააღმდეგ წარმართული კამპანიები, რომლებშიც ჩართული არიან როგორც წესი, ერთი და იგივე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურები. საქართველოში, ერთი და იგივე არასამთავრობოები იბრძოდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის წინააღმდეგ და ნებისმიერი, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანი სხვა პროექტების (ხუდონჰესი; ნენსკრა ჰესი; ნამოხვანის ჰესი და ა.შ.) წინააღმდეგ და საერთაშორისო „მოკავშირეების“ როლებიც სტერეოტოპულად იყო განაწილებული: საერთაშორისო არასამთავრობოების ქსელი „ბენქვოჩი“ მათი ქართველი პარტნიორებით, „მწვანე ალტერნატივა“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), როგორც „თანამომჩივანი“ მხარე და მათივე ლობირებით - მომრიგებელ მხარედ „ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია”.

ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, წმინდა გარემოსდაცვითი ხასიათის არგუმენტებთან ერთად, მომჩივანი მხარე არ მოერიდა ისეთი არგუმენტების გამოყენებასაც, როგორიც არის სვანების ეთნიკური კუთვნილება: გამოცხადდა, რომ სვანები წარმოადგენენ ქართველებისაგან განსხვავებულ „ეთნიკურ ჯგუფს“ („Svan people as a unique community which may be referred to as an “ethnic nationality” group... according to international standards and good practice the group of people, the Svans, may likely belong to a unique ethnic group“- ნიდერლანდების გზშ კომისიის დასკვნიდან ხუდოჰესის პროექტზე, 2013) - არა „ეთნოგრაფიულ“ ჯგუფს, არამედ სწორედ ეთნიკურად განსხვავებულ ჯგუფს და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილში მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ სვანეთი დაპყრობილი აქვს საქართველოს, რომ „არაქართველი“ სვანები განიცდიან ქართველების მხრიდან კოლონიურ ჩაგვრას.

სხვათა შორის, ეს სტერეოტიპი გამოყენებულია არა მხოლოდ ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ, რაც უფრო სახიფათოა, იმ ძველი რუსული ნარატივის დასამკვიდრებლად, რომ მეგრელები და სვანები ქართველები არ არიან, ეს კი პირდაპირ ემსახურება იმპერიულ პოლიტიკას - „გაყავი და იბატონე“. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლე ჩვენს თანამემამულეებს პასპორტში უწერენ „სვანი“ ან „მეგრელი“, რომ ხაზი გაუსვან მათ არაქართველობას. ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნარატივს მხარი აუბა საქართველოს ზოგი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც (ჩვენთან ხომ ნებისმიერი „საპროტესტო“ ნარატივი განხილულია პარტიების მიერ, როგორც ინსტრუმენტი მთავრობასთან საბრძოლველად და თავისი ელექტორატის გასაზრდელად, ეს ყოველთვის ხდება ზედაპირულად, ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლად).

- თქვენ რამდენიმე ჰესის მშენებლობის საკითხი ახსენეთ. თუმცა, ზოგიერთი ამ პროექტის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება განპირობებული იყო საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზებით, სახელმწიფო დონეზე გაფორმებული ხელშეკრულების არასრულყოფილებით და ეკოლოგიისთვის პოტენციურად მძიმე შედეგებით.

- რასაკვირველია ზოგიერთი პროექტის მიმართ გამოთქმულ უარყოფით დამოკიდებულებას ვიზიარებ, მაგრამ მე პრინციპზე მაქვს საუბარი. ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან არასწორად და არაეფექტურად შედგენილი პროექტი და საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხი. გარდა ამისა, ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის და რისთვის სჭირდება ის, რომ საქართველოში ენერგეტიკა არ განვითარდეს არამხოლოდ ჰიდრო, არამედ ზოგადად ენერგეტიკა. წარმოიდგინეთ, თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი რომ არ განხორციელებულიყო, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით.

- ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მზად სახელმწიფო იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.

- მოგვწონს თუ არა, „ჰიბრიდულ ომს“ აქვს თავისი კანონები, პირველ რიგში, ამ კანონების შესწავლაა საჭირო. მოსალოდნელი საფრთხეების და გამოწვევების მართვა მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან გააზრებული და დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებების გატარებას, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მთავრობა ვერ აღმოჩნდა ეფექტური ახალი გამოწვევების მართვის თვალსაზრისით და პრევენციული და შემარბილებელი ღონისძიებების კომპლექსური სისტემის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ეპიზოდურ, რეაქტიულ პასუხს კონტროლიდან გამოსულ პროცესებზე. არც მასმედია და არც არასამთავრობო სექტორი არ გვთავაზობს სიტუაციის ღრმა ანალიზს და მოწესრიგების კონსტრუქციულ გეგმას. საქმე შემოიფარგლება ძალიან ზედაპირული ან საკუთარი ინტერესებით განპირობებული შეფასებებით.

შექმნილი ვითარება და განხილული მაგალითები ცხადყოფს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი მთლიანად და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის უმეტესი ნაწილიც მოუმზადებელი ხვდება კარს მომდგარ საფრთხეებს და არის იმის დიდი რისკი, რომ ცალკეული ჯგუფების ინტერესებად დაქუცმაცებული ქვეყანა ვერ შეძლებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს მასზე მნიშვნელოვნად ძლიერი და ორგანიზებული მტრის მიერ დაგეგმილი ჰიბრიდული ომის ახალ ტალღას. არსებობს იმის მაღალი რისკი, რომ შესაბამისი კომპლექსური მოდელის ამუშავებით რუსეთი მოახერხებს დასავლეთის პოზიტიური გავლენის და მხარდაჭერის შესუსტებას და შეეცდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფიქციად გადაქცევას. ამ რისკების დაძლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა არის პოლიტიკური აქტორების გამოფხიზლება და შეთანხმება სახელმწიფოებრივ ინტერესების პრიორიტეტზე და საკუთარი ვიწროპარტიულ და ჯგუფურ ინტერესების ნიველირება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი ოპტიმისტური სცენარის რეალიზაციისთვის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ ჩანს.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.