მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა გოგოლაშვილი: ეს იყო მასიური ისტერია, რომელიც დასრულდა ცეკვით და ეს ცეკვაც გამოსახულება იყო იმ ისტერიისა

რონდელის ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი PIA.GE-სთან ინტერვიუში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, საქართველოს მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს, ეს იყოს პრორუსული ძალების მიერ ორგანიზებული აქცია და დამუხტული უარყოფითი ენერგია ჟურნალისტებზე დახარჯეს.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ძალადობა ვერ აღკვეთეს.

„ვიცით რომ ეს ხალხი უმცირესობაშია, მაგრამ მობილიზაციის დიდი უნარი გამოიჩინეს, ამ პრორუსულმა ფსევდოპატრიოტულმა ძალებმა. ასე ვიტყოდი ფსევდო-კონსერვატორებმა და გონება შეზღუდულმა ადამიანებმა გამოიჩინეს უნარი საკმაოდ ორგანიზებულად ძალადობის განხორციელების.

რუსთაველზე პრაიდი ვერ ჩატარდა, დაგროვილი უარყოფითი მუხტი ვიღაცაზე უნდა ამოენთხიათ და ეს უბრალოდ არ ხდება, ეს ხდება ძლიერი პროპაგანდის, ძლიერი აგენტების მუშაობით და კულუარული დამუშავების შედეგად.

პირველ რიგში, რუსული პროპაგანდის მიერ იმიტომ, რომ საქართველოში ტრადიციული არ არის ასეთი სიძულვილით ცხოვრება და „პოგრომები“ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ასეთი რამ არ ხდებოდა. გუშინ რაც ხდებოდა, ეს ქართული მოვლენა არ იყო.

ამ რუსულ პროპაგანდას ემსხვერპლა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეძებდნენ მსხვერპლს და რომ ვერ იპოვეს, ჟურნალისტებს დაესივნენ. ვერ არჩევდნენ მერე პრომთავრობის ჟურნალისტი იყო, ოპოზიციის მომხრე, თუ მოწინააღმდეგე, ნებისმიერ ჟურნალისტს სცემდნენ. ეს იყო მასიური ისტერია, რომელიც დასრულდა ცეკვით და ეს ცეკვაც გამოსახულება იყო იმ ისტერიისა.

ეგენი ჰომოსექსუალიზმს სახელმწიფოსა და ერის წინაშე დანაშაულად მიიჩნევენ, მაგრამ რატომღაც არც ლოთობა, არც ნარკომანია, არც კაცის კვლა, დანების ტრიალი ამ ქართველ ტრადიციონალისტებში არ აღიქმება ცოდვად.

ეს მოვლენაა, რომლის უკანაც არ დგას გონი, საღი აზრი, გულახდილობა, ეს არის განსახიერება სიცრუის. ის ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ და ძალადობდნენ, არ ვიცით სხვა შემთხვევაში რას აკეთებენ.

53 ჟურნალისტი რომ გყავს დაშავებული ისე, რომ საავადმყოფოში მოხვდნენ, ეს არის სამართალდამცავი სისტემის ჩავარდნა. არ ვიცი ასე იყო დაგეგმილი თუ თავად ვერ გათვალეს, თუ მოახლოებულ არჩევნებთან იყო დაკავშირებული და უფრთხილდებიან ნებისმიერი თემის განაწყენებას, მაგრამ აშკარა იყო, რომ სამართალდამცველებმა ვერანაირად ძალადობა ვერ აღკვეთეს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე იქნება ძალიან მკაცრი განცხადებები მოთხოვნა იმის, რომ გამოიძიონ ყველა შემთხვევა და დასაჯონ მოძალადეები.

„შეიძლება დაგვემუქრონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებითაც, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი პირობა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი. მთავარი არაა ეს კანონი მიღებული აქვთ თუ არა, აქ მნიშვნელოვანია, ასრულებ თუ არა ამას.

ანტიდისკრიმინაციული კანონი მხოლოდ იმას ხომ არ ნიშნავს, მთავრობა ჩაგრავს თუ არა მაგალითად რომელიმე უმცირესობას, მნიშვნელოვანია, ხელისუფლება უმცირესობების უფლებებს იცავს თუ არა. ამ შემთხვევაში აშკარა იყო რომ ვერ დაიცვეს, ან არ დაიცვეს, ვფიქრობ, რომ უფრო ვერ დაიცვეს პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რადგან არ უნდოდათ იმ ხალხთან დატაკება, რომლებიც არიან რუსული პროპაგანდის ქვეშ და რომლებიც ალბათ, მიიჩნევიან ხელისუფლების პოტენციურ ამომრჩევლებად.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ისინი მაინც ჩვენი ამომრჩევლები არიან, რადგან მიუღებელია მათთვის ოპოზიციური ძალები. ე.ი. ჯობია, რომ ჩვენ ისინი არ გავანაწყენოთ, რათა არჩევნებზე ხმა მოგვცენ და რაღაცნაირად მოვაგვაროთ და ასე არ გამოვიდა.

საერთაშორისო არენიდან იქნება ძალიან მკაცრი შეფასებები. 8 კაცის ადმინისტრაციული წესით დაკავება ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ დიდია დაზარალებულთა ოდენობა, მინიმუმ ამდენივე უნდა იყოს დაკავებული, რომ ვიღაცამ დაიჯეროს, სამართალდამცველები მართლა ახორციელებენ კანონის დაცვას“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მოგვიანებით „თბილისი პრადისი“ წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით 5 ივლისისთვის დაგეგმილი აქცია აღარ ჩატარდებოდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩვენ ვართ ის, ვისაც მართლა სწამს იმის, რასაც იესო ქადაგებდა! იქით არიან ორკები“ - ზურაბ ჯაფარიძე

✅„ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, სათანადოდ დაისჯება ყველა პირი, ვინც ეს ჩაიდინა “ - პრემიერ-მინისტრი

✅„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია უტარდება

✅ჟურნალისტების სია, რომელთაც რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ