მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში ვერცერთი ოპოზიციონერი პარლამენტში ვერ შევა“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის იმუნიტეტის შეჩერებისა და მისი შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას დააპატიმრებენ და ის გახდება პოლიტპატიმარი, ეს საერთაშორისო მეგობრებთან ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში აქამდე პატარა სარკმელი იყო დარჩენილი ოპოზიციისთვის შესვლისთვის, მელიას დაპატიმრების შემდეგ ეს რუბიკონი გადალახული იქნება და ხალხი სტერილურ პარლამენტს მიიღებს.

„მოდით ასე ვთქვათ, ასეთ ქმედებებს აქვს მოკლე და გრძელვადიანი ეფექტი. ვფიქრობ, რომ მოკლევადიანში არც არაფერი არ მოხდეს, მაგრამ გრძელვადიანი ეფექტი იქნება მკვეთრად უარყოფითი.

ნახეთ, როგორ მოცემულობას მივიღებთ. ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში ვერცერთი ოპოზიციონერი ვერ შევა პარლამენტში, თუ აქამდე პატარა სარკმელი იყო პარლამენტი არ დარჩენილიყო სტერილური, მისი დაპატიმრების შემდეგ ეს რუბიკონი გადალახული იქნება და ჩვენ ფაქტობრივად მივიღებთ სტერილურ პარლამენტს.

გარდა ამისა, პრობლემა არ არის ნიკა მელიას გირაოს დაკისრებასა და დაპატიმრებაში, პრობლემა გახლავთ თვითონ შინაარსობრივად საქმის განხილვაში. იმიტომ რომ ამ ტიპის საქმეები ხელისუფლებების მხრიდან, არ არის აღძრული იმისთვის, რომ ვიღაცა დაიჭირონ ან საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

მათი ამოცანაა, რომ აღძრან საქმე, დაკიდონ ეგ საქმე, გამოიყენონ პოლიტიკური პრესინგისთვის ან პოლიტვაჭრობისთვის. ახლა, უნდათ თუ არ უნდათ საქმის ბოლომდე მიყვანა და გამოჩნდება, რომ საქმე შეკერილია.

ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველამ კარგად ვიცით, რომ არანაირ სახელმწიფო გადატრიალება იქ არ იყო. იქ იყო „გამიშვი-გამატარე“. შეიძლება იყო გადაცდომები, დარღვევები, მაგრამ არა იმ ტიპის და იმ ხარისხის დანაშაული, რაზეც მელიას ედავებიან.

შესაბამისად, მეტნაკლებად ნორმალური სამართლის პირობებში ან უნდა გამოუშვან, ან მერე უკვე საქმის არსებითად განხილვის შემდეგ, ან უნდა გაფორმდეს პოლიტიკურ პატიმრად, რაც ბუნებრივია ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან დაგვაზიანებს. ვამბობ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში თამასა მაღლა აიწევს და ხელისუფლება ვალდებული გახდება საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ მელიას საქმეს არსებითად აქვს სისუსტეები და სწორედ ეს სისუსტე არის ხელისუფლების მთავარი პრობლემა.

„არსებითად აქვს საქმეს სისუსტეები და ეს არის ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა. ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში თამასა მაღლა იწევს, იძულებული გახდებიან საქმე ბოლომდე მიიყვანონ, რაც ძალიან პრობლემატური გახდება საბოლოო ჯამში ორივე განვითარების შემთხვევაში.

იცით როგორი თამაში წავიდა ? არავის არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდგომ „ქართული ოცნება“ გადამწიფებული თინეიჯერივით იქცევა, რომელსაც მამამ გადააბარა მთელი თავისი ბიზნესი. მამას უმტკიცებს ახლა, რომ თვითონაც მაგარი ბიჭია.

სისუსტის გამოვლინების ეშინია ყველაზე მეტად. შესაბამისად, პარლამენტი ნიკა მელიას მოუხსნის უფლებამოსილებას პროკურატურის თხოვნის შესაბამისად. იმიტომ რომ „მაგარბიჭობანა“ ითამაშონ. გადაულოცავენ ამ საქმეს პროკურატურას. სასამართლოს და პროკურატურას აქვთ პრობლემა, რადგან ერთი და იგივე საქმეზე 2-ჯერ გირაოს შეფარდება თავიდანვე დანაშაული იყო“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ ანრი ოხანაშვილმა განმარტა თუ რატომ არ დაუშვეს სხდომაზე მელიას ადვოკატები

✔️ „რაც გინდათ ის ქენით, თავში ქვა გიხლიათ“- ნიკა მელია