მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ ჭარაია: თუ სუპერმდიდარ ნორვეგიაში წარმოებული ელექტროენერგიის 90%-ზე მეტი ჰიდრორესურსზე მოდის, რატომ უნდა იყოს საქართველო დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე?!

ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში მადლობას უხდის „ქართუ“ ფონდს მთაწმინდის პროექტის დაფინანსებისთვის.

ინტერვიუ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორ ვახტანგ ჭარაიასთან.

- რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოში მოსახლეობის პროტესტის ფონზე?

- საქართველო ენერგოდეფიციტური ქვეყანაა და ეს არა მხოლოდ ელექტროენერგიას ეხება, არამედ ბუნებრივ აირსაც, ნავთობპროდუქტებსაც. იქ, სადაც არსებობს ბუნებრივი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა შეიძინოს იმპორტირებული რესურსი, თუმცა გასაკვირია, რატომ ვცდილობთ, არ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ისედაც თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს, მათ შორის - ჰიდროპოტენციალი. თუ სუპერმდიდარ ნორვეგიაში წარმოებული ელექტროენერგიის 90%-ზე მეტი ჰიდრორესურსზე მოდის, რატომ უნდა იყოს საქართველო დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც, სხვათა შორის ენერგიას ასევე ჰიდრორესურსით მოიპოვებენ? ზედმეტი ფული გვაქვს, რომელიც მეზობლებს აკლიათ, თუ რაშია საქმე?!

- ვისაუბროთ კონკრეტულ პროექტზე - ნამახვანჰესზე. რამდენად მიზანშეწონილია, თქვენი აზრით, მისი მშენებლობა, განსაკუთრებით – იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს 15 წლის განმავალობაში მოუწევს ელექტროენერგიის შეძენა გარანტირებული ტარიფით, რომელიც იმპორტის ფასს აღემატება?

- ფინანსურ განზომილებაში ნამახვანი საინტერესო პროექტია, სხვა მიმართულებით კი, სამწუხაროდ, ვერაფერს დავამატებ, რადგან კომპეტენტური არ გახლავართ. თუმცა არასწორად მიმაჩნია პოზიცია «ჰესები გვანგრევენ და მათი მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ეს შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს». ეს რომ ასე იყოს, შვეიცარიაში არ აშენდებოდა 700 ჰესი, რომლის 90%-ზე მეტი 10 და მეტი მეგავატის სიმძლავრისაა, მათ შორის - ათეულობით გიგანტური ჰესი, რომლის დარი საქართველოში მხოლოდ 1 გვაქვს - ენგურჰესი. სეისმურად აქტიური მდებარეობა გვაქვსო, - მესმის ხშირად... მოდით, იაპონიას შევხედოთ, რომლის სეისმურ აქტივობასთან ახლოსაც კი არ ვართ, საბედნიეროდ და სადაც დღესაც კი აშენებენ მაღალკაშხლიან ჰესებს. მოდით, შევთანხმდეთ, რომ იაპონელებზე და შვეიცარიელებზე მეტად არ შეგვტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე და მის გარემოზე. თუ ვიხელმძღვანელებთ პოზიციით «არაფერი აკეთო და შეცდომაც არ მოგივა», არაფერი გამოვა. თუ გასაუმჯობესებელია ჰესის პარამეტრი, იდავონ შესაბამისმა პირებმა ამ კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ ყველაფერს გარემოს ნუ გადააყოლებენ, თანაც ეკონომიკური გათვლების არასწორად მოშველიებით.

რაც შეეხება 15 წელს და ტარიფს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სიმართლე. 3-4 ცენტი, რომელზეც ოპონენტებს აქვთ საუბარი, არის მინიმალური ფასი, რომლითაც საქართველო ენერგიას მეზობლებისგან ყიდულობს, ისიც - ღამის საათებში. ნამახვანი კი პიკური გენერაციის ჰესია, რომლის ჩანაცვლება ჩვენ 7-8-9 ცენტი გვიჯდება, ეს კი ნამდვილად მნიშვნელოვნად მეტია ნამახვანის 6.2 ცენტზე. ხოლო თუ მოხმარების მზარდ დინამიკას გავითვალისწინებთ, ნამახვანის ენერგია არათუ ჭარბი იქნება, არამედ მზარდ მოხმარებასაც კი ვერ დააკმაყოფილებს.

არაეკონომისტები ხშირად ხელმძღვანელობენ იმ ლოგიკით, რომ „იმპორტირებული იაფია და რატომ უნდა ვაწარმოოთ?“. წესით, ქვეყანაში, სადაც დასაქმებულებიც კი თავს დაუსაქმებლად თვლიან, გვყავს სოციალურად დაუცველების არმია და 50 ათასი ადამიანი რეგისტრირდება საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაობზე, სამუშაო ადგილების მნიშვნელობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუმცა პროპაგანდა თავისას ცდილობს. ენერგოუსაფრთხოებასთან ერთად, 800 მილიონიანი ინვესტიცია – ეს არა მხოლოდ 1600 ქართველის მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმება, არამედ ბიუჯეტში გაზრდილი გადასახადებიცაა, რომლითაც იზრდება პენსია, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუ ოპონენტებს დავუჯერებთ, გამოდის, არც ღვინო უნდა ვაწარმოოთ, რადგანაც ჩილედან ან ავსტრალიიდან უფრო იაფად შეგვიძლია მისი შემოტანა; მეცხოველეობას უნდა დავანებოთ თავი, რადგანაც პოლონეთიდან ან ბრაზილიიდან შემოიტან ხორცს ნახევარ ფასში; აღარაფერს ვიტყვი ჩინეთზე... გამოდის, ყველაფერი იმპორტზე უნდა შემოვიტანოთ იაფად?!

- მაგრამ იმ ფისკალურ (საბიუჯეტო) რისკებზე რას იტყვით, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერაა დათვლილი და საქართველოს შემოსავლის ნაცვლად, ხარჯს უწინასწარმეტყველებს?

ეს დაახლოებით იგივეა, მაცივარი არ გვქონდეს და არც ვიყიდოთ, რადგან ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს მომავალში ამ მაცივრისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს... მოგიყვანთ ერთ სხვა მაგალითსაც: 2017 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. ესტონური მოდელი, რომლის ფასი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 500 მილიონი ლარი გახლდათ (ეს, რამდენიმე ათეულჯერ აღემატება ნამახვანზე გასაწევ ფისკალურ „ხარჯს“). ესტონურმა მოდელმა ეს „ხარჯი“ რეინვესტირების გაორმაგებითა და თითქმის გასამმაგებით სულ რამდენიმე წელიწადში ამოიღო, ხოლო ყოველი მომდევნო წელი გადასახადების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის თუ სამუშაო ადგილების სახით კიდევ უფრო მეტ დივიდენდს მოიტანს.

შესაბამისად, ფისკალური ხარჯის მაჩვენებელი გვეხმარება, სწორად დავითვალოთ ყველა ხარჯი, თუმცა არსებობს მეორე მხარეც - შემოსავალი, რომელიც რატომღაც ყურადღების მიღმა რჩებათ და გამოდის, ზემოთ ნახსენებ მაცივარზე უნდა ვთქვათ უარი მაშინ, როცა ვხვდებით, რომ პრობლემა მაცივარში არაა... ჩემი დიდი თხოვნაა ყველას მიმართ, მეპურემ პური აცხოს და არაეკონომისტები ეკონომიკაში „გენიოსობას“ შეეშვან.

- ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ ხელშეკრულების თანახმად, 15 წლის შემდეგ კომპანიას უფლება აქვს, ენერგია საზღვარგარეთ გაყიდოს და რომ საქართველომ ვერ შეძლო ინვესტორთან იმის მოგვარება, რომ ეს ენერგია არსად გავიდეს...

იმისათვის, რომ ინვესტორს შენთვის სასიკეთო პირობა დაუთქვა, შენც უნდა დაუთმო რაიმე სანაცვლოდ. პირველი 15 წელი სწორედ ეს პრინციპი იმუშავებს. ინვესტორმა იცის, რომ გარანტირებული ტარიფი ექნება წელიწადში 8 თვის განმავლობაში (სხვათა შორის, ეს ის 8 თვეა, რომლის განმავლობაშიც ჩვენ ენერგია იმპორტზე შემოგვაქვს და არა ზაფხული, როდესაც ჭარბი ენერგია ექსპორტზე გაგვაქვს). თუ პირობითად 20 წლის თავზე საქართველოში ტარიფი, მაგალითად, 6 ცენტი იქნება, ხოლო მეზობლებთან - 7 ცენტი, შეიძლება, ეს 1-ცენტიანი სხვაობა არც უღირდეს კომპანიას ენერგიის ექსპორტზე გასატანად. თუმცა ვთქვათ, მაინც გაიტანს: ამ დროს საქართველოში რჩება გადასახადები, 2000-მდე დასაქმებული ადამიანი და უზარმაზარი დამხმარე ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ჰესს პირდაპირ თუ ირიბად ემსახურება. მოდით, სხვანაირადაც შევხედოთ - დავუშვათ, 20 წლის თავზე ზოგადად ენერგია გაძვირდა და პირობითად, ნამახვანი არ გვექნება: როგორ ფიქრობთ, მეზობლები თავისი შიდა ტარიფით მოგვაწვდიან ელექტროენერგიას? თანაც, ეს ხომ გარდა გაზრდილი ხარჯისა, მინუს სამუშაო ადგილები და მინუს გადასახადებია ჩვენს ეკონომიკაში, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა თანმდევ ეკონომიკურ აქტიურობაზე, რომელიც ჰესის ირგვლივ პირდაპირ თუ ირიბად იქმნება.

რომ შევაჯამოთ, სჯობს ჩვენი ბინის შეძენაში ვიხადოთ ყოველთვიური ტარიფი, ვიდრე სხვისი ბინის მუდმივ ქირაში.