მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღე აღინიშნება

10 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღე აღინიშნება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც 2019 წლის 10 მაისს ამოქმედდა. 2020 წელი იყო პირველი წელი, როდესაც სამსახურმა, სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქციით მთელი წლის განმავლობაში იმუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებითად მნიშვნელოვანია, კერძოდ, ის აკონტროლებს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას; ახორციელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგს და იძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისა და მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებს.

უწყების ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით შექმნილი მდგომარეობის, შეზღუდული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების, სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას წარმოქმნილი საკანონმდებლო და პრაქტიკული სირთულეების მიუხედავად, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძალისხმევას არ იშურებდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერების კონტროლის; ასევე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არცერთი დღით არ შეუჩერებია მუშაობა და შემჭიდროებულ ვადებში მოახერხა პანდემიის პირობებზე მორგება იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, შეექმნა უსაფრთხო სამუშაო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, სამუშაო პროცესები ეფექტიანად წარემართა.

სამსახური აგრძელებს ინსტიტუციურ გაძლიერებას და სწრაფვას მთავარი მიზნისკენ - შექმნას ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ხალხის მაღალი ნდობით სარგებლობს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.