მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატები დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით პროკურატურას და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართავენ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს გენერალური პროკურატურა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაცვის მხარეს უზღუდავენ საქმის მასალებზე სათანადო წვდომას, რითაც უხეშად არღვევენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას. ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ივერი მელაშვილის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომამდე, გენერალურ პროკურატურას დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალის ასლები სრულად არ გადმოუცია. აღნიშნული დასტურდება 2020 წლის 08 ოქტომბრით დათარიღებული ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმით. პროკურატურის პოზიციის თანახმად საქმის მასალების ნაწილი, მათ შორის, საქმის საკვანძო მტკიცებულებები 1:200 000 მასშტაბის რუკების, დედნები ინახება მათთან და საკმარისია დაცვის მხარეს ჰქონდეს მათი ადგილზე გაცნობის უფლება, ხოლო ნაწილი მასალების გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

ჩვენი, არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს გენერალური პროკურატურა დღემდე უარს აცხადებს საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე იმ მოტივით, რომ თითქოს მათ კანონმდებლობის სრული დაცვით უკვე გადასცეს დაცვის მხარეს საქმის მასალის ასლები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ამავე კოდექსის, 83-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.

საპროცესო კოდექსის ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის ბოლო წინადადებების მიხედვით: „დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.“

სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა (რუკები) არის დოკუმენტი, რომლის ბრალდებულისა და მისი ადვოკატისთვის ასლის სახით გადმოცემაც პროკურატურის ვალდებულებაა. ამასთანავე, რადგან რუკის სრულყოფილი წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ ფერად ვერსიაში, რაზეც წვდომა უნდა ჰქონდეს თავად ბრალდებულსაც, დაცვის უფლების შეუფერხებლად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გადმოგვცეს რუკების ფერადი და შესაბამისი ფორმატის ასლები.

აქვე, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურის მიდგომას აგრძელებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. 2020 წლის 27 ოქტომბერს, ბიუროს წარმომადგენლებმა, ადვოკატებს, ედუარდ მარიკაშვილსა და გიორგი მახარაძეს, სრულიად უსაფუძვლოდ უარი უთხრეს ექსპერტიზაზე გადმოგზავნილი საქმის მასალების გაცნობასა და დათვალიერებაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შეწყვიტონ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაცვის უფლების უხეში ხელყოფა და ადვოკატებს მისცენ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა.

გიორგი მშვენიერაძე

ივერი მელაშვილის ადვოკატი, GDI

ედუარდ მარიკაშვილი

ივერი მელაშვილის ადვოკატი, GDI

სულხან კომახიძე

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი

ნესტან ლონდარიძე

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

გიორგი მახარაძე

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, „უფლებები საქართველო“,- აღნიშნულია განცხადებაში.

⭕ ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.