მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გრიფით საიდუმლო მასალებზე საუბრობს

რამიშვილი გრიფით საიდუმლო მასალებზე საუბრობს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გრიფით საიდუმლო მასალები გამოჩნდა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

- რას გულისხმობთ საქმესთან დაკავშირებით არსებულ გრიფით „საიდუმლო“ მასალებში?

- ამ მასალებს ჩვენ ჯერ არ გავცნობივართ, მაგრამ ვიცით, რომ ასეთი საკითხები არსებობს. ვითხოვთ, რომ გავეცნოთ ამ მასალებს და დავაყენეთ შუამდგომლობა, რაზეც პასუხი ჯერ არ მიგვიღია. რეალურად 3 დღიანი ვადა ამოიწურა და კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ.

- რა შეგიძლიათ მითხრათ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, როგორც თქვენი, აგრეთვე ბაჩალიაშვილის ოჯახის პოზიცია როგორია?

- ოჯახის და ჩემი პოზიციაა რომ არაობიექტურად მიდის გამოძიება. არ არის პასუხი გაცემული გარკვეულ კითხვებზე, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

შესაბამისად, როცა ამ მასალებს გავეცნობით გვექნება ჩვენი პოზიცია. ძალიან დიდი ზღვარი და უნდობლობაა გამოძიების მიმართ.

მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეში ძალიან ბევრი სიახლეა, მაგრამ არჩევნების პერიოდმა ეს ყველაფერი გადაფარა.

„იმაზე მეტი სიახლე რა უნდა იყოს, რომ აბები რომლებიც მის ჩანთასა და ორგანიზმში აღმოჩნდა, რაც ყველაზე ფატალური გახლდათ, თამარს არ უყიდია. არ დასტურდება, რომ ეს აბები აფთიაქში მის მიერ არის შეძენილი. როდესაც აბებს ყიდულობს და მის შემცვლელს სთავაზობენ წარმოდგენა არ აქვს რა არის ან რა შემადგენლობა აქვს. რომელ თვითმკვლელობაზეა საერთოდ საუბარი?

საიდან აღმოჩნდა აბები მის ჩანთაში? მის ორგანიზმში? არც მოწმეების ჩვენებით და არც ქვითრებით დასტურდება, რომელიც ამოღებული აქვთ. იმდენი დეტალია, რომ საქმე 180%-ით ამოტრიალდა“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

- კიდევ რა არის სიახლე საქმის მიმდინარეობაში, რომელ დეტალებზე საუბრობთ?

- იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ველოდებით პასუხს, შესაძლოა გრიფით საიდუმლო ისიც კი იყოს რომ გარკვეული შინაარსობრივი ინფორმაცია მოვიდა „facebook“-დან. არ ვიცი რას მოიცავდა ეს მოკვლევა, გრიფით საიდუმლო რა ინფორმაციას დაედო ან რა მტკიცებულებებს.

არის სატელიტიდან პასუხები? ვილა ალგეთზე ჩატარებულია ექსპერიმენტი, რომ ავტომობილია იქ ჩასული? არაფერია გაკეთებული.

ჩვენება რომ აქვს მიცემული არასრულწლოვანს, სადაც ამბობს მობილური დამიჯდა და მამას იმიტომ ვერ დავუკავშირდიო, ზუსტად შემთხვევის ადგილას ერთ საათში სატელეფონო ზარია შესული.

იცით თქვენ რომ აფციაურთან კი არ აქვს დარეკილი მოწმე მწყემსს, აფციაურს აქვს მასთან სამჯერ დარეკილი. იცი რამდენი შეუსაბამობაა? როდის იყო პოლიცია მწყემსთან ახორციელებდა სატელეფონო ზარს.

- საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ საქმეში არსებობს გრიფით „საიდუმლო“ მასალები, ვინ გითხრათ ამის შესახებ?

- არაფერი არ იმალება და არის ეს ინფორმაციაც.

მიხეილ რამიშვილის თქმით, შუამდგომლობის დაყენების შემდეგ 3 დღიანი ვადა გავიდა და პასუხს კვლავ ელოდებიან.

📌 ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

📌 შეგახსენებთ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.