მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმეზე: ჩავრთე შესაბამისი ორგანოები, რომ აშშ-დან მოვახერხო ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩამოყვანა

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა პროტესტი გამოხატა და მოითხოვა, რომ საქმის გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ აწარმოოს. ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანია „ფორმულას “ ეთერში განაცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გამოძიება ჩვეულებრივად გრძელდება და და სიახლე არაფერია.

„ლოდინის რეჟიმში ვარ. ახალი ის არის, რომ დღეს გარდაცვლილის მამამ გამოხატა პროტესტი, უარი განაცხადა, რომ გამოძიება აწარმოოს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ. ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილემ ლადო ბაჭულაშვილმა შეატყობინა მას კომპიუტერის გახსნის თაობაზე. როდესაც ბაჩალიაშვილების ოჯახში მივედი, მამამ თავად მომცა ამ პიროვნების ნომერი, არცერთ ჩემს ზარს არ უპასუხა ბაჭულაშვილმა. მივწერე და თვითონ დამიკავშირდა, მითხრა, რომ კარგად მიმდინარეობს ყველაფერი, ზუსტად მეორე დღეს კი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს ამოღებული გარდაცვლილი პროგრამისტის სატელეფონო ჩანაწერები.

„ოფიციალურად ასეა, რომ არ არის ამოღებული. განჩინებით ელოდებიან ამოღებას, შუამდგომლობა დაყენებულია“, - აღნიშნა რამიშვილმა.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალურ კომპიუტერს, უფლებადამცველი ამბობს, რომ ამ დრომდე ვერ გაიხსნა.

„არ იხსნება, 21-ე საუკუნესთან მიმართებაში ცოტა შორს ვართ. შესაბამისად უკვე მივმართე და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ჩავრთე შესაბამისი ორგანოები, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოვახერხო როგორღაც ფედერალური ბიუროს შესაბამისი ექსპერტების ჩამოყვანა და შევძლო ამ კომპიუტერის გახსნა. საუბარია ერთ კომპიუტერზე“, - დასძინა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.