მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფგან მუხთარლი: მზად ვარ, ამოვიცნო ადამიანები, ვინც გამიტაცა

აფგან მუხთარლი ვერ ჩამოდის

„დიდი იმედი ქართული პროკურატურის არ მაქვს,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მუხთარლის თქმით, მისი გატაცება აზერბაიჯანული მხარის დაკვეთა იყო, თუმცა მასში ქართულ მხარესაც მიუძღვის ბრალი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გამოძიებას ჩვენებას დღეს მისცემს.

„ჩემი გატაცება შეუკვეთა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და მათ თანხმობა მისცეს ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა. ჩემი გამტაცებლები მანქანაში საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს ჟესტებით ანიშნებდნენ, ერთადერთხელ ისაუბრეს ტელეფონით, ქართულ ენაზე.

თუ ქართული გამოძიება წარმომიდგენს ფოტომასალას, მზად ვარ, ამოვიცნო ადამიანები, ვინც გამიტაცა. პირველად საქართველოში რამდენიმე თვის წინ მოვდიოდი, თუმცა, ქართულმა ავიაკომპანიამ ჩემი ბილეთის ანულირება მოახდინა და ჩამოსვლის საშუალება არ მომცეს. ამ და სხვა გარემოებების გამო, ჩემმა ადვოკატებმა ევროსასამართლოს მიმართეს“,- განაცხადა ჟურნალისტმა.

აფგან მუხთარლი დღეს, 12 საათზე შევა გენერალურ პროკურატურაში. ის გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ მიაწოდებს, თუ როგორ მოხდა მისი გატაცება და რა გზით გაიყვანეს გამტაცებლებმა საქართველოდან. მისივე თქმით, ის საქართველოში 10-15 დღით დარჩება.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით. სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის (143-ე) მუხლის პირველი ნაწილით დღემდე იძიებს.

მუხთარლი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

აგრეთვე იხილეთ:

📌აფგან მუხთარლი საქართველოში დაბრუნდა

📌აფგან მუხთარლი საქართველოს სტრასბურგში უჩივის

📌რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის ტრანსპორტირებაზე - „ჯორჯიან ეარვეისის“ განმარტება