მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფგან მუხთარლი: თარჯიმანი არ იყო, რომ ჩვენება აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა

აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თქმით, საქართველოს პროკურატურაში თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს, ენობრივი ბარიერის გამო კი, გამოკითხვა ვერ შედგა.

როგორც მუხთარლიმ განაცხადა, ვერ მოიძებნა ადამიანი, ვინც მის ჩვენებას აზერბაიჯანული ენიდან ქართულ ენაზე თარგმნიდა. მისივე ნათქვამზე დაყრდნობით, პროკურატურაში ხვალ სხვა თარჯიმანს დაახვედრებენ.

„კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა. ჯერ იყო თურქულენოვანი თარჯიმანი, მე მასზე უარი ვთქვი. 1.5 საათში მეორე თარჯიმანი მოვიდა - აზერბაიჯანული არც მან იცოდა, 4 საათის განმავლობაში ტყუილად ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანული ენის მცოდნე ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს“,- ამბობს მუხთარლი.

აფგან მუხთარლი დღეს, 12 საათზე მივიდა გენერალურ პროკურატურაში. როგორც თავად აღნიშნა, სურს გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ მიაწოდოს, თუ როგორ მოხდა მისი გატაცება და რა გზით გაიყვანეს გამტაცებლებმა საქართველოდან.

ჟურნალისტის თქმით, მისი გატაცება აზერბაიჯანული მხარის დაკვეთა იყო, თუმცა მასში ქართულ მხარესაც მიუძღვის ბრალი.

📌მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით. სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

📌სამწლიანი პატიმრობის შემდეგ აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.

📌საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის (143-ე) მუხლის პირველი ნაწილით დღემდე იძიებს.

აგრეთვე იხილეთ:

📌აფგან მუხთარლი: მზად ვარ, ამოვიცნო ადამიანები, ვინც გამიტაცა