მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი: ბრალს არ აღიარებს, მას შაქარაშვილთან შემხებლობა არ ჰქონია

უფლებადამცველი გიორგი გელხაური

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს დადგენილება გააცნო, რომლითაც მას ბრალდება დაუმძიმდა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ არასრულწლოვანი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს ბრალს, რადგან მას შაქარაშვილთან და გენერალური პროკურატურის მიერ მითითებულ გარემოებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

„პროკურატურის ბრიფინგში ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებაა, მაგალითად ის, რომ შურისძიების მოტივით ვ.ჩ მიბრუნდა თბილისიდან ისევ აგარაკზე, რომ მანდ დაწყებული კონფლიქტის გამო შური იძია შაქარშვილზე, შეხვედროდა და გასწორებოდა მას. როგორც ვიცით და როგორც საქმის მასალებით დგინდება, კონფლიქტი შაქარაშვილთან არ ყოფილა. შესაბამისად, ვ.ჩ.-ს არანაირი დაზიანებები არ მიუყენებია.

ზოგადად კონფლიქტის მონაწილე მხარე შაქარაშვილი არ ყოფილა და არ იღებდა კონფლიქტში მონაწილეობას. ვინაიდან შაქარაშვილი და ამირხანაშვილი იყვნენ ერთად, მათ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ, აქედან გამომდინარე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებმა ნახეს ამირხანაშვილი და მისთვის საერთოდ თითი არ დაუკარებიათ. შესთავაზეს თბილისში წამოსვლა. ის არ უცემიათ. მართალია 4-ჯერ შეცვლილი ჩვენებაა ამირხანაშვილის საქმეში, მაგრამ ის არცერთ ჩვენებაში არ საუბრობს, რომ მას მიაყენეს რაიმე სახის დაზიანება“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს პროკურატურამ ბრალი განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით წარუდგინა. დანარჩენ 12 პირს კი ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ ბრალი.

21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.