მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ კბილაშვილმა „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაეს სასამართლოს დამატებითი განცხადებით მიმართა

ყოფილი გენერალური პროკურორი „ლიდერფუდის“ საქმეზე ოპონენტ პაატა სალიას ტელედებატებში იწვევს.

ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაეს სასამართლოს დამატებითი განცხადებით მიმართა. განცხადებაში დეტალურადაა ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა.

კბილაშვილი მიიჩნევს, რომ საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, „ლიდერფუდის“ საქმის განმხილველ მოსამართლეთა მხრიდან ფუნდამენტური მნიშვნელობის დარღვევები იქნა ჩადენილი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს კანონის მოთხოვნა, რომელიც სარჩელის ჩაბარების წესებს ითვალისწინებს, უგულებელჰყვეს არსებითი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავდნენ, გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარად, ჯერ გამოიტანეს, ხოლო შემდეგ ძალაში დატოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეს 15 მლნ აშშ დოლარის ქონებაზე საკუთრების უფლება გაუუქმდა.

ადვოკატმა ასევე მოითხოვა, რომ საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცეს. ამის საჭიროება კი დაასაბუთა იქედან გამომდინარე, რომ საქმე იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს.

არჩილ კბილაშვილის თქმით, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა, ბატონებმა ქოჩიაშვილმა და მაკარიძემ, თავიანთი გადაწყვეტილებები დაამყარეს დამახინჯებულ, გაკრეჭილ და არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და მის მარწმუნებელ მხარეს საკუთრება ჩამოერთვა ქონებაზე, რომელიც 15 მლნ აშშ დოლარი ღირს.

„ამასწინათ, მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ საქმეში სავარაუდო კორუფციის ნიშნებს ვხედავ. ამ დამატებით განცხადებაში თითოეული დარღვევა დეტალურადაა გამოაშკარავებული. კერძოდ, განცხადებაში ჯერ ციტირებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების საფუძვლად გამოყენებული ყველა არგუმენტი და შემდეგ უკლებლივ ყველა არგუმენტზე მოყვანილია პასუხი, რომელიც მათ არსებობას გამორიცხავს. დარღვევების სიღრმე, თვალსაჩინოება და მასშტაბურობა, რომელიც ერთის მხრივ, ჩრდილს აყენებს სასამართლო ხელისუფლებას, მეორეს მხრივ, მაფიქრებინებს, რომ წინასწარი შეცნობით, განზრახ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას ჰქონდა ადგილი.

დამატებითი განცხადებით, ჩვენ ასევე მოვითხოვეთ, რომ საქმე უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილოს, რადგან სახეზეა იშვიათი სამართლებრივი პრობლემა. საქმე ის გახლავთ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ცალსახად ამტკიცებენ, რომ სარჩელის ჩაბარება არ უნდა მოხდეს სასამართლო უწყებასთან ერთად მაშინ, როდესაც საპროცესო კანონის 72-ემუხლისმე-2 ნაწილი პირდაპირ მოითხოვს, რომ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება სასამართლო უწყებასთან ერთად უნდა მოხდეს. ამიტომ, დიდმა პალატამ უნდა განმარტოს, თუ კანონის აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა შესრულდეს, მაშინ უწყების ნაცვლად რა დოკუმენტი უნდა ახლდეს თან სარჩელს და თანდართულ დოკუმენტებს და როგორი უნდა იყოს მისი შინაარსი, რომ სარჩელის ჩაბარება სადავოდ აღარ იქცეს. აქედან გამომდინარე, დამატებითი განცხადება, რომელიც მე უზენაეს სასამართლოს წარვუდგინე, გარდა საქმის განმხილველი მოსამართლისა, ასევე გავუგზავნე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თითოეულ მოსამართლეს, რათა ზემოაღნიშნულ პრეცედენტულ საკითხზე გადაწყვეტილება არა ერთმა ან რამდენიმე მოსამართლემ, არამედ დიდი პალატის ყველა მოსამართლემ ერთად გამოიტანოს.

ვინაიდან საკითხი ზოგადსამართლებრივი ხასიათისაა, ამიტომ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი განცხადება იმავდროულად გავასაჯაროვე კიდეც, რათა საზოგადოების თითოეულ დაინტერესებულ წევრს შეეძლოს გაიგოს, თუ რა მოხდა და რას ვითხოვთ. განცხადების გაცნობა ამ ბმულზეა შესაძლებელი: https://drive.google.com/file/d/1eXJgrrzVGzfdWnRlGxiHy-Do8HqzipSz/view, – განაცხადა კბილაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოს, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში აქვს მიღებული „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი. ზეიკიძეს ბიზნესის 50%-ს, მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დუმბაძის სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და მას წილი მიაკუთვნა. როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მისი გამოტანის საფუძველი ზეიკიძის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა გახდა. დავით ზეიკიძე კი ამტკიცებს, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და შესაბამისად, ვერც შესაგებელს წარადგენდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ზეიკიძეს მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს.

ზეიკიძე უზენაესი სასამართლოსგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას ითხოვს.