მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

დაკავება უაქციზო სიგარეტზე

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ი.მ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცის სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია გახდა.

„საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი რამოდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა.
კერძოდ, 1938 წლის მარტში, საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა, რა მიზნითაც 1994 წელს შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია.

1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს მათ შორის ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

საქართველოს სამთავრობო კომისიის ერთ-ერთ წევრი და ამავდროულად ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ი. მ. და მასთან ერთად ამ პროცესს წარმართავდა კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნ. ი. ხსენებული პირები, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის განხორციელების მიზნებისათვის, ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, მოეხდინათ მათი შეჯერება, ანალიზი და მათ საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს შესაბამისი აუცილებელი საექსპერტო კვლევების ჩატარება და ასევე აღნიშნულ პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ბრალდებულთა მიერ შედგენილ ალბომებში ხდებოდა მათ მიერვე შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთების დატანა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ორ სახელმწიფოს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესის ძირითად სახელმძღვანელო მასალას.
ბრალდებულებს ევალებოდათ შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წ) რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი-ს სამუშაო კაბინეტში.

აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო დასახელებული რუკის მხოლოდ ასლი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მომხდარიყო ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები იმ მიზეზით რომ არ არსებობდა რუკის დედანი, მისი ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, ეწინააღმდეგებოდნენ მის გამოყენებას.
ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კერძოდ: ი.მ.-მ და ნ.ი.-მ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ გამოძიებას არ გადასცა მის ხელთ არსებული 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი მასშტაბის რუკები, რომლებიც მან საზღვრების დელიმიტაციის პროცესში რეალურად გამოიყენა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული მასალების მოპოვება გამოძიებამ მხოლოდ ი.მ-ს კუთვნილ სამუშაო ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად შეძლო“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო.