მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: მინდა პრემიერს თვალებში ჩავხედო და დაპირება მივიღო

თეონა თამაზაშვილი, ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს.

ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.

„მინდა პრემიერს თვალებში ჩავხედო და მისგან საჯაროდ მივიღო დაპირება, რომ გამოძიებული იქნება ჩემი შვილის საქმე“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება სამსახურის კუთხით მიმდინარეობს. ამასთან, თეთრიწყაროს რაიონში აღმოჩნდა კამერები, რომელიც ჯერ არ უნახავთ.

„კამერების ნახვას დღეს აპირებენ. თეთრიწყაროს რაიონში საკალმახესთან არის რაღაც კამერები, რომლებიც დღეს უნდა დათვალიერდეს“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, არსებობს ბევრი ვერსია, რომლის ფილტრაციაც უნდა მოხდეს.

„ყველაფერი ვრცლად მიმდინარეობს, მაგრამ არასწორადაც. იყოს ვერსიები, მაგრამ ის, რომ ჩვენ პირდაპირ წავიდეთ თვითმკვლელობისკენ, ეს გამორიცხულია. გამოძიება ამასაც უშვებს, რომ შეიძლება სამსახურიდანაც მომდინარეობდეს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო.

მოთხოვნილია ჩემს მიერ კომპლექსური კომისიური ექპსერტიზა, რასაც სჭირდება სრული საქმის მასალა, რომ გადაეცეს კომისიას. არანაირად არ იქნება დაშვებული, დროის გაჭიანურება“,- აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც. ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.