მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის მამა: სიტყვა მოგვცეს, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ

თამუნა ბაჩალიაშვილის მამა

„სიტყვა მოგვცეს, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ“, - ამის შესახებ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან მამუკა ჭელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სიტყვა მოგვცეს, რომ ყველაფერს დეტალურად გაგვაცნობენ და საქმეს სწრაფად გამოიძიებენ. მოვუყევით ყველაფერი რაც ვიცით, ყველაფერი აინტერესებდათ. დანარჩენი, დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება“, - აღნიშნა ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, შსს-ში ჭელიძეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი შეხვდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.