მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ოჯახი და უფლებადამცველები მკვლელობის მუხლით საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ

ადამიანის უფლებაქთა ცენტრის ადვოკატები და ხელმძღვანელი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატები მოითხოვენ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა აღნიშნა, გამოძიება უნდა იძიებდეს არა თვითმკვლელობამდე მიყვანას როგორც დანაშაულს, არამედ მკვლელობას.

ისინი გენერალურ პროკურატურას მიმართავენ და მოუწოდებენ რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს.

„ძალიან ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხი უნდა იყოს გაცემული, ეს არ არის ბუნდოვანი პასუხები რასაც ამ დროისთვის გვაძლევს გამოძიება, არამედ უნდა იყოს ზუსტი პასუხები ამა თუ იმ კითხვაზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოთხოვნაა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით და არ უნდა მიმდინარეობდეს ამ აბსურდული მუხლით. ჩვენი მიზანია ერთის მხრივ, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაზარალებულს და მიადევნოს თვალი პროცესს. გვაქვს უნდობლობა როგორც დაზარალებულს, ასევე უფლებადამცველებს.

ამ ეტაპზე ჩვენ ვსწვალობთ საქმეს. გუშინდელი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მიხეილ რამიშვილმა გააცნო მნიშვნელოვანია, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს შემობრუნება ამ საქმეში. ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მტკიცდება, რომ იმ დღეებში იქ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ იდგა, სადაც აღმოაჩინეს შემდგომში. ეს არის ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა. საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით. გამოძიება უნდა იძიებდეს არა თვითმკვლელობამდე მიყვანას როგორც დანაშაულს, არამედ მკვლელობას“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მან სატელიტიკის კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ 19 და 20 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იმ ტყეში, სადაც ცხედარი იპოვეს.