მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის საქმე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გადაიბარა.

ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს.

ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემა 28 ივლისს მოითხოვა, რადგან დაცვის მხარე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს არ ენდობა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახმა შვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მიმართა. 22 ივლისს, გვიან ღამით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფონიჭალაში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პოლიციას და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს, სადაც ბაჩალიაშვილი ოჯახს წერდა, გამოეყენებინათ თავის ანაბარზე არსებული თანხა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ახალგაზრდა გოგოს ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

23 ივლისს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მამუკა ჭელიძემ, ასევე, განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების ფარგლებში დაკითხეს.

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაგრძელდება.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი თავისი შვილის გარდაცვალებას მის სამუშაო ადგილს უკავშირებს და ამბობს, რომ თამარი სამსახურიდან ხშირად გაღიზიანებული ბრუნდებოდა სახლში. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ასევე გამორიცხავს სუიციდის ფაქტს.

თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგში“ მუშაობდა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები 22 ივლისვე დაიწყო. გამომძიებლებმა ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამოიღეს, თუმცა, კომპიუტერში შესვლა ვერ მოახერხეს, რადგან კომპიუტერი კოდირებული აღმოჩნდა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება. ბაჩალიაშვილის მამამ იმ პირის ვინაობა დაასახელა, ვინც მას დაურეკა და უთხრა, რომ მისი „შვილი შარშია“. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ეს იყო ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი.

ბაჭულაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალეიშვილი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქმეში ამერიკული საგამოძიებო ფედერაციული სამსახურის ჩართვას ითხოვენ.