მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით რამიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ოჯახის უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, სატელიტიდან გადაღებულ ფოტოსურათთან დაკავშირებით დაიბარეს.

„მესმის, უნდათ, როგორღაც ამ საქმეს ჩამომაშორონ, ან რამე მიზეზი მოძებნონ“, - განაცხადა რამიშვილმა.

გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურას გადასცემს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს, რომელშიც აღწერილია, როგორ უგზავნიდა ის თამარ ბაჩალიაშვილს „ფლეშკებს“ და აძლევდა მითითებებს.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, გამოკითხვის ოქმი 3 აგვისტოთი თარიღდება.

რამიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პირი უკვე აღარ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.

„მოვიტანე გამოკითხვის ოქმი, რომელიც 3 აგვისტოთი თარიღდება. როდესაც დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს გამოკითხვის ოქმში როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან. როგორ გადასცემდა წლების წინ „ფლეშკებს“ და როგორ აძლევდა გარკვეულ მითითებს.

მივუთითებ გვარებს და სახელებს, რაც გამოკითხვის ოქმებში წერია და დაველოდები რას მოიმოქმედებს გამოძიება. ახლა არ მუშაობს სუს-ში. ეს ადამიანი მუშაობდა და დაკავებული იყო იმ სფეროში, რა სფეროც არის დაკავშირებული კომპიუტერებთან, პროგრამებთან“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება.