მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირებისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

სროლა ჩუმლაყში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირებისათვის დაკავებულ დავით ნადაშვილს, ბრალი ოფიციალურად, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის წარუდგინეს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

დაკავებულის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი, წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

ზურაბ ბეგიაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, თირკმელის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პირია. მომხდარი დაპირისპირების დროს კი, ახალგაზრდების აგრესიისაგან თავს იცავდა.

„ნადაშვილი არის დიალიზზე მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. მას სიარულიც კი უჭირს. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა, უმიზეზოდ აუტეხეს ჩხუბი, ლამის სასიკვდილოდ სცემეს და მას, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, იარაღის გამოყენების გარდა, რომელიც რეგისტრირებული აქვს, სხვა გზა არ ჰქონდა. თავად გამოძიებამ ნახა, როგორ არის ნაცემი და შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა. ბრალის კვალიფიკაციას არ ვეთანხმებით და ვიბრძოლებთ, რომ ამ ეტაპზე, სასამართლომ ის არ დააპატიმროს, რადგან პანდემიის პირობებში და მისი ჯანმრთელობის მქონე კაცისთვის, პატიმრობა საშიშია“,- განაცხადა ბეგიაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, დაპირისპირების დროს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ცემაში, კიდევ ოთხი პირი მონაწილეობდა და საქმის მსვლელობის დროს, ის,მათი ქმედების სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს.

ცნობისთვის,, შეიარაღებულ დაპირისპირებას სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, ყელის არეში მძიმედ დაიჭრა. ის ამჟამად, გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალის" რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევიდან მეორე დღეს, ნადაშვილი სამართალდამცავებს თავადვე ჩაბარდა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება აღიარა.

ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო სავარაუდოდ, ზეგ იმსჯელებს.