მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: დასკვნაში ბევრი რამ წერია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა არის საქართველოს პოზიციების გამამყარებელი და უაღრესად მნიშვნელოვანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

დავით ზალკალიანი: „დასკვნაში ბევრი რამ წერია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა არის საქართველოს პოზიციების გამამყარებელი და უაღრესად მნიშვნელოვანი“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „პოსტვ“-ს ეთერში აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაკეთებულ დასკვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიციების გასამყარებლად საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და ამ პროცესში ჩავრთეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული და ცნობილი ამერიკული იურიდიული კომპანია „Shearman & Sterling“, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტის კუთხით, ვინაიდან ძალიან ბევრი სახელმწიფო დაობს საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე. ეს არის კომპანია, რომელსაც ბევრ სახელმწიფო დავაში აქვს მონაწილეობა მიღებული. გავედით ამ კომპანიაზე და მათ ვთხოვეთ ექსპერტული შეფასება. ჩვენ ხელთ არსებული მასალები მათ მივაწოდეთ. ასევე ის ძველი მასალები, რაც ჩვენ მოგვეპოვებოდა და ვთხოვეთ მათ წარმოედგინათ უაღრესად მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტული დასკვნა.“ - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ივლისის თვეში დაიწყო, რაც შესაბამისად გამორიცხავს მის რაიმე სახის კავშირს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე ესკლაციასთან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მნიშვნელოვან ასპექტებზეც.

„20 სექტემბერს მივიღეთ ამერიკული კომპანიის დასკვნა და შესაბამისი ახალი კარტოგრაფიული მასალები, რომელიც მე პირადად გადავეცი ჩემს კოლეგას, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს. იმ დასკვნაში ბევრი რამ წერია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა არის საქართველოს პოზიციების გამამყარებელი და უაღრესად მნიშვნელოვანი და ის რომ არ იყო გამოყენებული მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვნად ასუსტებდა საქართველოს პოზიციებს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დასკვნაში გახლავთ ის, რომ ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენი ყოფილი ხელისუფლების, ცალკეული პოლიტიკოსების, უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო გამონათქვამები, რომლებიც ჩვენ მრავლად ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, სადაც პირდაპირ აცხადებენ, რომ დავით გარეჯის ეს მონაკვეთი არ არის საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ექსპერტების დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ეს ვნებს და ასუსტებს საქართველოს პოზიციებს,“ - განაცხადა ზალკალიანმა.​