მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზეიკიძე მოსამართლე ქოჩიაშვილსა და მაკარიძეს, კორუფციის გამო, მოწმეების ჩვენებების, მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

ლიდერფუდთან დაკავშირებით სასამართლო დავა გრძელდება

„ლიდერფუდთან“ დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესში, რომელიც 15 მლნ აშშ დოლარის მოცულობის წილის მხარისთვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიკუთვნებას შეეხება, კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი დეტალი გაჩნდა. კერძოდ, მოპასუხე მხარის, დავით ზეიკიძის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა უზენაეს სასამრთლოს დამატებითი განცხადებით მიმართა, სადაც დეტალურადაა ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. მან ასევე მოითხოვა, რომ საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცეს.

დავით ზეიკიძე აღიშნავს, რომ მტკიცებულებების ის დეტალური ანალიზი, რაც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებისადმი კბილაშვილის მიერ გაგზავნილ დამატებით განცხადებაშია წარმოდგენილი, კითხვის ნიშნებს საერთოდ აღარ ტოვებს, თუ რა ფუნდამენტური მნიშვნელობის დარღვევები, ანუ დანაშაულებები ჩაიდინეს, ჯერ საქალაქო სასამართლოში ქოჩიაშვილმა და მერე სააპელაციო ინსტანციაში მაკარიძემ.

„ყველაფერი გააყალბეს, ჩვენი მხარის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომ სარჩელი არ ჩაგვბარებია, არ გაითვალისწინეს. სასამართლოსვე მიერ გამოძახებული მოწმის, საკურიერო ფირმის თანამშრომლის პირდაპირი ჩვენება, რომ სასამართლოს კონვერტი „ლიდერფუდში“ არასოდეს მოუტანია, არ გაითვალისწინეს. აი ნახეთ, სიტყვა-სიტყვით, რას ამბობს ეს მოწმე - კიდევ კარგი, სასამართლო სხდომები იწერება და ეს ჩანაწერიც არსებობს.

„რაც ნათია კიკალეიშვილს („ლიდერფუდის“ ოფისმენეჯერი) ჩაბარდა, სიმართლე გითხრათ, ეს არ მახსოვს რა წერილი იყო. ბევრი წერილი მიმიტანია და ეხლა კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ, ზოგადოდ რომ სასამართლოს წერილი მიმეტანოს, ეგეთი რაღაც არ მახსოვს“. - ამას ამბობს, ანუ საერთოდ, ზოგადად, სასამართლოს წერილი „ლიდერფუდში“ არ მიმიტანიაო, კაცი ამბობს. და ამან, ამ მოსამართლედ წოდებულმა ქოჩიაშვილმა, რა მოიფიქრა იცით? - ხომ შეიძლებოდა, სასამართლოს ლურჯი კონვერტი თეთრ კონვერტში ჩაედოთ ფოსტაში და ისე გაეგზავნათო. და ამ მოსაზრებას - „ხომ შეიძლებოდას“ დაეყრდნო.

სააპელაციოში უკვე გენადი მაკარიძემ აჯობა ქოჩიაშვილს, მის არგუმენტს, ანუ კონვერტის კონვერტში ჩადების შესაძლებლობას არ დაეყრდნო, რადგან დაინახა, რომ ეს არგუმენტი სასაცილოც კი არ იყო - ერთი და იგივე ზომის კონვერტი, ერთი მეორეში ვერ ჩაიდება, მით უმეტეს, თუ შიდა კონვერტზე ამბობ, რომ 49 თაბახის ფურცელია შიგნითო. სამაგიეროდ, უარესი მოიმოქმედა, ქოჩიაშვილს გადაწყვეტილებაზე კვერი დაუკრა და ამის დასტურად მხოლოდ ის მოიყვანა, რომ აი, მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ ნამდვილად სარჩელი აქვს გამოგზავნილიო. ჩვენი წარდგენილი კიდევ სხვა არგუმნტები, რაც უტყუარად ამტკიცებს, რომ სარჩელი არ ჩამბარებია, საერთოდ არ გაითვალისწინა.

აი, ამ დამახინჯებული, გაკრეჭილი ვითომ მტკიცებულებებით დაუმტკიცეს 15 მილიონი დოლარის ღირებულების წილი ჩემს არამზადა და თაღლით სიძეს. ახლა ვინ დამარწმუნებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გარეშე, ქრთამის გარეშე გამოდის სასამართლოში? ამას ჰაერზე არ ვამბობ, ამ საფუძვლიანი ეჭვის გამო, ჩემს ადვოკატ, არჩილ კბილაშვილს, პროკურატურაშიც აქვს განცხადება შეტანილი.

ხოლო, რაც შეეხება იმას, ირაკლი დუმბაძე, ეგრეთ წოდებული სიძე,  უმადური თაღლითი რომ არის, ამას მეორე სერიაში დავამტკიცებ. ახლა იმას ვამტკიცებ, რომ ლურჯი თეთრი არ არის. საოცარია, მართლა ამას ვამტკიცებ, რომ ლურჯი თეთრი არ არის. და ეს ხდება სასამართლოში. იმედია, უზენაეს სასამრთლოს მაინც არ უმტყუნებს მხედველობა და ჩვენს საჩივარსა და  დამატებით განცხადებას, სადაც ბოლო წერტილამდეა ახსნილი, რა ხდება სინამდვილეში, კარგად წაიკითხავს და საქმეს პირველ ინსტანციაში დააბრუნებს არსებით განხილვაზე.

გაიგეთ ადამიანებო, მე დავას არ გავურბივარ, - ვიდავოთ. რა ეკუთვნის, სასამართლომ გადაწყვიტოს. მე ვთვლი, რომ ეკუთვნის კი არა, ჩვეულებრივი მიმტაცებელი და უმადური კაცი აღმოჩნდა. ვიდაოთ, კი ბატონო და სასამრთლომ გადაწყვიტოს. მაგრამ ასე? - რომ არც განიხილოს და ისე მიაკუთვნოს 15 მილიონი დოლარი? - ეს დაუშვებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი რამ, საქართველოს ბიზნეს-დავების ისტორიაში, რომ განხილვის გარეშე, ასეთი დიდი რაოდენობის ქონება მიეკუთვნებინოს ვინმესთვის სასამართლოს, არ მომხდარა.

აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და მოგვცემს საშუალებას, დავა სასამართლოში საგნობრივად გავაგრძელოთ“, - ითხოვს დავით ზეიკიძე.

შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოს, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში აქვს მიღებული „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი. ზეიკიძეს ბიზნესის 50%-ს, მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დუმბაძის სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და მას წილი მიაკუთვნა. როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მისი გამოტანის საფუძველი ზეიკიძის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა გახდა. დავით ზეიკიძე კი ამტკიცებს, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და შესაბამისად, ვერც შესაგებელს წარადგენდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ზეიკიძეს მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს.

ზეიკიძე უზენაესი სასამართლოსგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას ითხოვს.